სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     (რეზონანსი) საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული კავშირების გათვალისწინებით, რუსეთისადმი ოფიციალური თბილისის ნეგატიური დამოკიდებულება მიუღებელია, - ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

    მისივე თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს მომხდარი ინციდენტი ქართული მხარის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

    „დამიჯერეთ, ეს ასამბლეის ინიციატივა არ ყოფილა. ეს მასპინძელმა, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა და ჩვენს კოლეგას, ასამბლეის პრეზიდენტს სერგეი გავრილოვს სხდომის წარმართვა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან შესთავაზეს", - განაცხადა ვოლოდინმა.

    მისივე თქმით, ოპოზიციას, რომლის უკანაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დგას, ხელისუფლებაში მოსვლა სურს, თუმცა ამისთვის მათ გამოიყენეს „რუსი დეპუტატების ფაქტორი", საქართველოს ხელისუფლებამ კი რუსეთი „აგრესიასა და ოკუპაციაში დაადანაშაულა".

    „რა თქმა უნდა, ჩვენ განზე ვერ დავდგებით, მით უმეტეს რომ რუსეთი საქართველოსთვის ძალიან ბევრს აკეთებს. საქართველოს ტურიზმში რუსეთის წილი ქვეყნის მშპ-ის 20%-ს შეადგენს. ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია, ვინაიდან საქართველოს რუსეთისგან სიკეთის გარდა არაფერი უნახავს", - აღნიშნა ვოლოდინმა.

    მან საქართველოს ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რუსეთის მოქალაქეების წინაშე ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

    8 ივლისს რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას" ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.

    რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ.

    ამ მოვლენებს წინ უძღოდა 20 ივნისის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

    20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

    8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×