სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.07.2019

     (რეზონანსი) „ბებიათქვენმა დამიტოვა მემკვიდრეობით" - ასე უპასუხა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას რუსთავი2-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადება გააცნეს. სალიას თქმით, "ჯერ ირაკლი ოქრუაშვილმა დაასაბუთოს, საიდან იშოვა ის მილიონები, რომელიც თითქოს ქიბარ ხალვაშს ასესხა და შემდეგ მიიღებს პასუხს".

    თავად ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ ქიბარ ხალვაშმა მისგან 2005-10 წლებში პროცენტიანი ვალი აიღო, საერთო ჯამში 7,7 მილიონი დოლარი. ამის დასტურად ოქრუაშვილმა სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტი, რომელზეც მისი თქმით, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა დატანილი, თუმცა ხალვაში ამტიცებს, რომ დოკუმენტი გაყალბებულია. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშისგან ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის წილის დათმობასაც ითხოვს, რამეთუ აცხადებს, რომ ხალვაში მხოლოდ ნომინალური ფიგურა გახლდათ და რეალურად არხი ყოველთვის მას ეკუთვნოდა.

    აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრა, შემდეგ კი 10-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ქვეყნიდან გაუშვა, მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია გახლდათ.

    2007 წლის 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გვარამიამ განაცხადა, რომ „ოქრუაშვილის გირაოს თანხის დიდი ნაწილი 6,5 მილიონი ლარი ,,ინტერნეიშენლ ბილდინგ კომპანიმ" გადაიხადა", რომლის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახლდათ.

    შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც სააკაშვილის ახლო მოკავშირე და მის მთავრობაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო, ვიდრე ის 2006 წლის ნოემბერში მინისტრთა კაბინეტს დატოვებდა, ორ დღეში დააკავეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს სერიოზული ბრალდებები წაუყენა:

    "მე არაერთხელ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან დავალება ამა თუ იმ გავლენიანი და მნიშვნელოვანი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ";

    "მე დავაკავე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია და პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით ის გავათავისუფლე";

    "სააკაშვილს შინაგანი ზიზღი ამოძრავებს ქართული ეკლესიის მიმართ";

    "ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებდა ერთ-ერთი დაკარგული ტერიტორიის შემოერთებამდე რომ არა პრეზიდენტის უუნარობა, სიმხდალე და ხელისუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი სააკაშვილის უსუსურობა მიეღო პოლიტიკური და ისტორიული გადაწყვეტილება".

    ამ განცხადებების შემდეგ მას ბრალი დასდეს დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში და გამოძალვაში. დაკავებიდან დაახლოებით ორ კვირაში, ოქრუაშვილმა დანაშაული აღიარა, უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლდა; შემდეგ მან ქვეყანა დატოვა, რაც მისი მომხრეების შეფასებით, იყო ხელისუფლების მხრიდან იძულების შედეგი.

    ამ დროიდან მოყოლებული ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთში პოლიტდევნილის სტატუსით ცხოვრობდა. ის საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა.

    (პრაიმტაიმი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    soso   (20.07.2019)
    Es kaci kiara prochi yopils


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×