სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები ივანე და ოლღა, განათლებული, კულტურული ადამიანები იყვნენ. ბაბუა კი, ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ (მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე) ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. მისი თავისუფლებისმოყვარე იდეები ბავშვობიდან აყალიბებდა მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად.

    ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან იწყება მერაბ კოსტავას პოლიტიკური მოღვაწეობა. სკოლაში გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას. იგი ზვიად გამსახურდიასთან და რამდენიმე თანატოლთან ერთად აარსებს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ პირველ პატრიოტულ არალეგალურ ორგანიზაციას „გორგასლიანი".

    1972 წელს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც უმალ ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: „მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისათვის.

    1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ „ოქროს საწმისის" გამოცემა იყო.

    გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც "ხულიგანს" და ციმბირში ქ. ანგარსკში გაამწესეს. 

    ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნის პერიოდს მერაბი ასე იხსენებს: „პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარეო. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს „გასატანად" მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: „პრივეტ, ბრატცი!"

    1978 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე. იმ პერიოდში მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებში და მის სამეგობროში ჰქონდათ. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა - 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.

    მერაბ კოსტავა 1987 წლის 30 აპრილს იგი 10-წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში ბრუნდება. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მას არაერთი „თბილი“ თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მერაბმა მუსიკის მასწავლებლობა არჩია, ასწავლიდა ბარნოვის ქუჩაზე, მუსიკალურ შვიდწლედში. მერაბ კოსტავას საქართველოში დაბრუნებას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება მოჰყვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუქცევადი გახდა.

    1989 წლის 9 აპრილს მ. კოსტავას კვლავ აპატიმრებენ მიტინგის ორგანიზებისათვის. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 

    1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია - ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. იქვე განისვენებს მისი სულიერი ძმა ზვიად გამსახურდიაც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×