სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მანქანბის რეცხვა იოლად სამართავი, მაგრამ სეზონური ბიზნესია
    ქეთი თოდუა
    (01.12.2009)

       მანქანების სამრეცხაოებს თბილისში მრავლად შეხვდებით. დიდ ბენზინგასამართ სადგურებს აქვთ თავიანთი სამრეცხაოები, მაგრამ გარდა ამისა, ბევრია პატარ-პატარა სამრეცხაოებიც. ხშირად მანქანების სამრეცხაოებს ავტოფარეხებშიც კი ხსნიან. ასეთ ადგილებში მანქანის გარეცხვისათვის უფრო დაბალი ფასებია, ვიდრე დიდ სამრეცხაოებში.
       მანქანების სამრეცხაოების ბიზნესი ბევრისათვის საკმაოდ მიმზიდველია. მიჩნეულია, რომ ამ ბიზნესის წამოწყება საკმაოდ ადვილია და მისი წარმატებაც გარანტირებულია. აქედან გამომდინარე, მანქანების სამრეცხაოების ბიზნესის დაწყების სურვილი საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს.
       თუმცა, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ ბიზნესის წამოსაწყებად საკმაოდ სოლიდური კაპიტალია საჭირო. 1000 ლარად, როგორც ბევრი ვარაუდობს, სამრეცხაოს გახსნა წარმოუდგენელია. გარდა ამისა, იმის გარანტია, რომ სამრეცხაო მოგებას აუცილებლად მოიტანს, არ არსებობს.  წარმატებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორის, სამრეცხაოს ადგილმდებარეობა, ფასები და ისიც, თუ რამდენად ხარისხიანად რეცხავენ მანქანებს.
       თბილისში მანქანების რეცხვის საშუალო ფასი დიდი კომპანიების სამრეცხაოებში მსუბქი მანქანაზე 10-12 ლარია, ჯიპზე კი - 15-17 ლარი. ხოლო პატარა სამრეცხაოებში მსუბუქი მანქანის გარეცხვის ფასი, საშუალოდ, 8 ლარია, ჯიპისა - 12 ლარი. ყველაზე იაფად ტაქსებს ემსახურებიან. თბილისში ტაქსების გარეცხვა 7 ლარადაც შესაძლებელია.
       გიორგი გელაშვილს დიდი სურვილი აქვს მანქანების სამრეცხაოების ბიზნესში ჩაერთოს. იგი უკვე ფართის ქირაობასაც აპირებს: "ჩემი აზრით, მანქანების სამრეცხაოების ბიზნესი საკმაოდ შემოსავლიანია. მეც მინდა, რომ გავხსნა სამრეცხაო, ფართსაც ვეძებ უკვე. ადგილი კარგად უნდა შეირჩეს, რომ კლიენტები მოვიდნენ. კარგ ადგილას კი თითო "ბოქსის" ქირაობა 500 დოლარამდე ღირს. უნდა ვიყიდო "კერხერის" ახალი აპარატები. ყველაფრისთვის, დაახლოებით, 5 000 დოლარი დამჭირდება. გასათვალისწინებელია გადასახადებისთვის საჭირო ხარჯებიც. თვეში წყლის გადასახადი ერთ "ბოქსზე", საშუალოდ, 150 ლარია. შუქის გადასახადი ცოტა ნაკლებია.
       ოთხი მრეცხავი მაინც დაგჭირდება. მრეცხავს შევუთანხმდები და ერთი გარეცხილი მანქანიდან 30%-ს მივცემ. გამომუშავებაზე იქნებიან. მათივე ინტერესში იქნება, რომ მანქანები კარგად გარეცხონ და ბევრი კლიენტი გვყავდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ბიზნესი გაამართლებს", - ასე აპირებს ბიზნესის წამოწყებას გიორგი გელაშვილი.
       მანქანების სამრეცხაოების ბიზნესი მაინც სეზონურია.  კლიენტების სიმცირე ზაფხულში აშკარაა. გარდა იმისა, რომ ამ პერიოდში ხალხი თბილისიდან გასულია, არსებობს მეორე ფაქტორიც.  ზაფხულში უფრო მეტი ადამიანი რეცხავს მანქანას თავისი ხელით და სამრეცხაოებსაც არ აკითხავს.
       "თბილისში მანქანების რაოდენობა დღითი დღე იზრდება და შესაბამისად სამრეცხაოებზე მოთხოვნილებაც მატულობს, ანუ უფრო მეტი შანსია, რომ ეს ბიზნესი წარმატებული იყოს. თან უმეტესობას ჯიპები ჰყავს. ჯიპების გარეცხვა კი უფრო ძვირი ღირს. თან სუფთა მანქანით სიარული ყველას უნდა და ამიტომ კლიენტები სულ არიან. 
       მაინც ვერ ვიტყვი, რომ ეს ბიზნესი ძალიან მომგებიანია. საერთოდ, ნორმალურ მოგებას ტოვებს იმ ხარჯებთან და დაბანდებასთან მიმართებით, რასაც მოითხოვს. არის ისეთი დღეები, როცა საერთოდ არ ჩანან მანქანის გარეცხვის მსურველები.
       თუ კარგ ადგილას არ გაქვს სამრეცხაო, მაშინ წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. გარდა ამისა, ყურადღების გამახვილებაც საჭიროა. მრეცხავებმა შეიძლება მოგატყუონ, ბევრი წყალი თუ დახარჯე, იმხელა გადასახადი მოგივა, რომ გაკოტრდები. კარგი ხარისხის აპარატები თუ არ იყიდე, ბევრი ხარჯი გექნება. სწორედ კარგი აპარატები იძლევა ეკონომიის გაკეთების საშუალებას.
       თუკი სერიოზულად ფიქრობ ამ ბიზნესზე, მაშინ უკეთესი იქნება ფართს თუ იყიდი. ქირით უფრო მეტი დაგიჯდება და მოგება ნაკლები გექნება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გივი მელაძემ.
       მიუხედავად სამრეცხაოების სიმრავლისა, კმაყოფილი კლიენტების რიცხვი არც ისე დიდია. ავტომფლობელები აღნიშნავენ, რომ სამრეცხაოებში ყველაფერზე ეკონომიას აკეთებენ და მანქანას ხარისხიანად არ რეცხავენ. ასეთი მდგომარეობაა, თითქმის, ყველა სამრეცხაოში.
       ანა აგლაძე მანქანას ორ კვირაში ერთხელ რეცხავს. იგი მიიჩნევს, რომ სამრეცხაოებში მუშაობის ხარისხს დიდ ყურადღებას არ აქცევენ და მხოლოდ გარეცხილი მანქანების რაოდენობა აღელვებთ:
       "რაც უფრო მეტ მანქანას გარეცხავენ, მით უფრო მეტი მოგება დარჩება სამრეცხაოს. ამიტომ ყველა იმას ფიქრობს, რომ დღეში რაც შეიძლება მეტი მანქანა გარეცხონ. ის ნაკლებად აღელვებთ, რომ სიჩქარეში მანქანას კარგად ვეღარ რეცხავენ. პრობლემაა ისიც, რომ სამრეცხაოებში ყველაფერზე ეკონომიას აკეთებენ, პირველ რიგში, ფხვნილზე. შეიძლება არც კი იციან, რომ შუშების გასარეცხად სხვა სითხეა საჭირო და სალონის გასაწმენდად - სხვა. 
       მანქანის გარეცხვის ფასები ხშირად იზრდება, ხარისხი კი იგივე რჩება. თუ საშუალება მაქვს, მანქანას ჩემით ვრეცხავ ხოლმე. ფხვნილზე და წყალზე მაინც არ ვაკეთებ ეკონომიას", - ამბობს ანა აგლაძე.
       ლევანი კაკაურიძე რამდენიმე წელია ამ ბიზნესშია ჩართული,  შემოსავლით იგი კმაყოფილია. როგორც მან გვითხრა, ამ ბიზნესიდან მოგება არც ისე მაღალია, როგორც ეს ხალხს ჰგონია: "რამდენიმე წლის წინათ საკუთარ ავტოფარეხში მქონდა სამრეცხაო გახსნილი. ორი "ბოქსი" იყო და მანქანის გარეცხვა, ქალაქში არსებულ ფასებთან შედარებით, იაფი ღირდა.
       ახლა ბენზინგასამართი სადგურის გვერდით ვიქირავე ორი "ბოქსი". თვეში მოგება, საშუალად, 2 500 ლარი მაქვს. მრეცხავებს ხელფასს გამომუშავების მიხედვით ვაძლევ, ამიტომ მათი დაინტერესება უფრო დიდია. დენისა და წყლის გადასახადი თვეში 500 ლარამდე მომდის. თვითონ ადგილში კი 1 000 დოლარს ვიხდი. საბოლოო ჯამში, ამ ბიზნესით კმაყოფილი ვარ. წამოსაწყებად დიდი კაპიტალი არ გჭირდება და მოგებაც არ მოაქვს ცოტა".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter