რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) ფშაველი-აბანოს უღელტეხილი-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მეწყერი კვლავ გააქტიურდა. მთიდან მოწყვეტილმა მიწის და კლდის ქანებმა მდინარე ალაზნის შეგუბება კვლავ გამოიწვია და როგორც მგზავრები ყვებიან, წყალი გზაზე დაახლოებით ნახევარ მეტრამდეა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

როგორც თუშეთში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განაცხადა, გზაზე ჩამოსული ნაშალი პერიოდულად იწმინდება, მაგრამ თუ სამუშაოების წარმოებისთვის 5-6 დღით დაკეტვა გადაწყდება, ის ამას მხარს არ დაუჭერს.

„მომხრე ვარ, დღის განმავლობაში რამდენიმე საათით გადაადგილება შეიზღუდოს. მთაში უამრავი ტურისტია, ზოგი მოდის, ზოგი მიდის, ყველას ინფორმირება შეუძლებელია. გზების დეპარტამენტისა და თუშეთის გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანია „გერალის" მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. აღარ ვიცი ხალხს რა პასუხი გავცე",- ამბობს კახოიძე.

„გერალის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუშეთის გზა იმ შემთხვევაში დაიკეტება თუ მეწყერი ჩამოწვება და მდინარეს მთლიანად შეაგუბებს. ამ საღამოს თუშეთში მიმავალ ან უკან მომავალ მგზავრებს ორი ტრანსპორტის გამოცვლა მოუწიათ.

აღსანიშნავია, რომ თუშეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე ღამის საათებში ორი თვეა აკრძალვა მოქმედებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×