სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პროდუქციის გაძვირებას მომხმარებელი არ დაუფრთხია
    მარი ჩიტაია
    (28.09.2010)

    ნაყინის მწარმოებელმა კომპანიებმა სეზონი დაასრულეს. ცივი და წვია მიანი გაზაფხული პროდუქციის რეალიზაციისთვის არასახარბიელო იყო, თუმცა მდგომარეობა ზაფხულში გამოსწორდა და ეს პერიოდი ნაყინის მწარმოებლებისთვის წარმატებულიც აღმოჩნდა.
      ნაყინის ბიზნესის წარმომადგენლები წლევანდელ სეზონზე რეალიზაციის მატებაზე საუბრობენ. გაყიდვების მაჩვენებელი სხვადასხვა კომპანიისთვის სხვადასხვაა და 10-25%-მდე ფიქსირდება.
      კომპანია "იოლში", რომელიც 28 დასახელების ნაყინს აწარმოებს, ამბობენ, რომ წლეულს გაყიდვები 20%-ით გაეზარდა, თუმცა ნაყინის ფასები შარშანდლის შემდეგ არ შეცვლილა და 30 თეთრიდან 7 ლარსა და 50 თეთრს აღწევს.
      "სეზონი კარგად დავასრულეთ, კმაყოფილი ვართ. შარშანდელთან შედარებით, გაყიდვების რაოდენობა 10-15 პროცენტით გაიზარდა. შეიძლება ითქვას, წარმატებული წელი იყო", - აცხადებს ილია ქანთარია, კომპანიის გენერალური დირექტორი.
      კომპანიის სხვა წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სეზონის განმავლობაში ნაყინზე ფასების კორექტირება არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ "იოლი ჯგუფმა" გარკვეული პროდუქცია მცირედით გააძვირა.
      "ნაყინის რეალიზაციაზე, როგორც წესი, ამინდი ყოველთვის აისახება. სეზონის დასაწყისი ამ მხრივ საკმაოდ ცუდი იყო, რადგან უამინდობამ პროდუქციის გაყიდვები შეანელა. ზაფხულში, ცხელი ამინდის პირობებში ნაყინი კარგად გაიყიდა. ბოლო პერიოდში თითქმის ყველა კომპანიამ მოახდინა სხვადასხვა პროდუქციაზე ფასების ზრდა, მაგრამ ჩვენ არცერთი ნაწარმი არ გაგვიძვირებია.  
      მით უფრო ნაყინი, რომლის სეზონი ისედაც არ მოიცავს გრძელ ვადებს. ბოლო დროს ფასების გარკვეული კორექტირება მოვახდინეთ, ზოგიერთი ასორტიმენტი გავაიაფეთ, მაგრამ ეს ნაყინს არ შეხებია. პროდუქციის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და წლეულს ეს გამორიცხულიცაა", - აცხადებს "იოლი ჯგუფის" სადისტრიბუციო სამსახურის უფროსი თარაშ შურღაია.
      კომპანია "ქართუ უნივერსალში" აცხადებენ, რომ წლევანდელი სეზონი წარმატებით დაიწყო და წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა. კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ კუხიანიძე განმარტავს, რომ რეალიზაციის ზრდა, ძირითადად, ტურისტულ რაიონებზე მოდის. მათი თქმით, ნაყინის რეალიზაცია თბილისშიც და ტურისტულ რაიონებში, განსაკუთრებით აჭარაში, აქტიური იყო.
      "ნაყინი ჯერაც იყიდება, სეზონი სრულდება, თუმცა მოთხოვნა ამ დრომდეც ნარჩუნდება. საბოლოო ციფრებს მალე გამოვაქვეყნებთ. საუბარია ნაყინის ორ ბრენდზე: "თოლია" და კამპარა". ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სეზონის განმავლობაში 8,5 მლნ ლარის "თოლია" გაიყიდა. რაც შეეხება "კამპარას", მისი გაყიდვების მაჩვენებელი 1,5 მლნ ლარს შეადგენს. გაყიდვებზე ტურისტულმა სეზონმაც კარგად იმოქმედა. მარტო აჭარის რეგიონში რეალიზაციის 25-პროცენტიანი ზრდა გვაქვს", - განმარტავს კუხიანიძე. მისი თქმით, ბოლო 2 წელთან შედარებით, კომპანიაში აშკარად უკეთესი ვითარებაა.
      "მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ფასებიც, რის გამოც ჩვენი ნაყინი კარგად იყიდება. პროდუქციის ღირებულება 40 თეთრიდან იწყება. გვაქვს აგრეთვე საოჯახო ტიპის ნაყინი, რომელიც 7 ლარამდეა. სეზონი არ ჩაგვიგდია. ცხელი ამინდის გამო მოთხოვნა გაიზარდა. როგორც ვვარაუდობდით, აქტიურობა სეზონის დასრულებამდე შენარჩუნდა. ამ სეზონზე ნაყინის რეალიზაცია სტაბილური იყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძვირიან ნაყინზე მომხმარებლის კლება შეინიშნებოდა", - აცხადებს ვლადიმერ კუხიანიძე.
      ნაყინის გაყიდვებს წარმატებულად მიიჩნევენ თბილისის მარკეტებსა და სუპერმარკეტებში. სავაჭრო ქსელების წარმომადგენელთა თქმით, ნაყინის რეალიზაცია ძალიან აქტიური იყო ზაფხულში, რასაც ამინდმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
      "სეზონის დასაწყისი არასახარბიელო იყო, რადგან სიცივეების გამო პროდუქცია ცუდად იყიდებოდა. ნაყინის რეალიზაციისთვის ზაფხული საუკეთესო აღმოჩნდა. მოთხოვნა ამ ეტაპზეც რჩება, თუმცა ნაკლებად იყიდება. გვაქვს სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელიც ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობის მყიდველისთვის ხელმისაწვდომია. ფასიც ხარისხის შესაბამისია. ვერ გეტყვით, რომ ყველა ერთნაირად იყიდება, ძვირადღირებულის მიმართ მყიდველი შედარებით მოკრძალებულია", - ამბობს "პოპულის" ერთ-ერთი ქსელის ადმინისტრატორი.
      დედაქალაქის ერთ-ერთ მარკეტში განმარტავენ, რომ ძალიან აქტიური იყო ივლისი და აგვისტოს პირველი ნახევარი. ამ ხნის განმავლობაში, მარკეტის გამყიდველის თქმით, ნაყინის გაყიდვებმა ძალიან მოიმატა და გაზაფხულის პერიოდში შენელებული გაყიდვები საგრძნობლად გააუმჯობესა.
      "როგორც ცნობილია, კომპანიებმა წარმოება შეაჩერეს. ბოლო პარტია მაღაზიაში სულ ახლახან მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე აგრილდა, ნაყინის კლიენტი ჯერაც გვყავს. უბრალოდ, შემცირდა მოთხოვნა როგორც ნაყინის, ასევე გამაგრილებელი სასმელების მიმართ. ამ ბოლო დრომდე პროდუქცია აქტიურად იყიდებოდა", - ამბობს თბილისის ერთ-ერთი მარკეტის გამყიდველი.
      გაყიდვების მაჩვენებელს წარმატებულად მიიჩნევენ ჩამოსასხმელი ნაყინის რეალიზატორებიც. მათი განმარტებით, სპეციალური აპარატები დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში ჯერაც არ აუღიათ. მართალია, მომხმარებელი ამ ეტაპზე ჩვეულ აქტივობას ვერ იჩენს, მაგრამ მოთხოვნა მაინც არის, რაც სავარაუდოდ, ოქტომბრის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება.
      "ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვვაჭრობ. აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა და ეს გაყიდვებზეც აისახება. მომწოდებელმა პროდუქცია გაგვიძვირა, ფასი 60 თეთრამდე გაიზარდა. უფრო ადრე 50 თეთრი ღირდა. ამ ცვლილებას გაყიდვებზე გავლენა არ მოუხდენია. ჩამოსასხმელი ნაყინის მიმართ ყოველთვის მაღალი მოთხოვნა იყო, რაც სეზონის ბოლომდე გაგრძელდა. შარშან ამ მხრივ სერიოზული პრობლემები გვქონდა, პროდუქცია ცუდად გვეყიდებოდა. მახსოვს, წინა წლებში მყიდველთა რიგებს ვერ ავუდიოდით. სეზონის განმავლობაში დამხმარესთან ერთად მიწევდა მუშაობა, თუმცა წელს დამოუკიდებლადაც კარგად გავართვი თავი", - ამბობს ნაყინის გამყიდველი მეგი ზედანია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter