რეზონანსი
17.05.2017

 დონალდ ტრამპმა „ეფ-ბი-აი"-ის ყოფილ დირექტორ ჯეიმს კომის სთხოვა,რომ შეეწყვიტა გამოძიება, რომელიც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველ, მაიკლ ფლინსა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირს ეხებოდა.

„ეფ-ბი-აი"-ის ყოფილი დირექტორი აშშ-ის პრეზიდენტს თებერვალში, მაიკლ ფლინის გადადგომიდან მეორე დღეს შეხვდა. „იმედი მაქვს, ამას გააკეთებთ. ფლინი კარგი კაცია", - უთხრა ტრამპმა კომის.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუიორკთაიმსი" ჯეიმს კომის ჩანაწერზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ჩანაწერის ასლი ჟურნალისტს საკუთარი თვალით არ უნახავს, თუმცა კომისთან დაახლოებულმა პირმა რაღაც ნაწილი „ნიუიორკთაიმსის" რეპორტიორს წაუკითხა.

წერილის მიხედვით, დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომის უთხრა, რომ ფლინს ცუდი არაფერი ჩუდენია. „ეფ- ბი-აი"-ის ყოფილ ხელმძღვანელს გამოძიების შეწყვეტაზე ტრამპისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა დაეთანხმა, რომ ფლინი კარგი კაცია.

თეთრმა სახლმა ჩანაწერის შინაარსი უარყო და სპეციალური განცხადება გაავრცელა,რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს თანამდებობის პირებისთვის მსგავსი თხოვნით არასოდეს მიუმართავს.

„პრეზიდენტს არასდროს უთხოვია კომისათვის და არც სხვა ადამიანისთვის, რომ რომელიმე გამოძიება შეეჩერებინა. პრეზიდენტი უდიდეს პატივს სცემს ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს და ყველა გამოძიებას", - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

კონგრესის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ითხოვენ,რომ დონალდ ტრამპის, იუსტიციის მინისტრისა და თეთრი სახლის რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×