რეზონანსი
17.05.2017

 გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეცაა.

„მინდა მოგილოცოთ მუშაობის დაწყება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რომელიც ახლა გაქვთ" , - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.

გერმანელი დიპლომატი ოკუპირებულ რეგიონში ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრისას მან ძალის გამოუყენებლობის შესახებაც ისაუბრა.

„უშუალოდ ეს საკითხი ძალის არ გამოყენების შესახებ თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ გვექნება ვალდებულებების მქონე იურიდიული დოკუმენტი" , -განაცხადა ზალბერმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი ჰერბერტ ზალბერის განცხადებას ეხმაურება და ადასტურებს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარდა.იგი საგარეო უწყებაში მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას შეხვდა.

„ის, რაც დღეს მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და გაუგებარია. ეს განცხადება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების კუთხით" , - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ.

ჰერმანის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ჰერბერტ ზალბერი აღნიშნულ თემაზე განმარტებას თავად გააკეთებს.

ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში 16 მაისს შეხვდა, სადაც ის ჟენევის დისკუსიის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასაგეგმად იმყოფებოდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×