რეზონანსი
17.05.2017

 საპარლამენტო ოპოზიცია ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. კანონმდებლები დღეს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმის საქმეზე, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას განიხილავენ. ოპოზიცია კომისიის შექმნის საკითხს პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენებს.

„ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ ხელისუფლებას, კონკრეტულად კი საგამოძიებო უწყებებს, მომხდარის გამოძიების პოლიტიკური ნება არ აქვთ. ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოძიების პროცესში პარლამენტის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური უშუალოდ პარლამენტს ექვემდებარებოდა და ის, რაც მოხდა მთავარი აუდიტორის მიმართ, პირდაპირ ვრცელდება პარლამენტზე. თუ ახლა პარლამენტმა არ თქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალდაცვითი სისტემა" , - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ყოფილი მთავარი პროკურორის კორუფციულ გარიგებებსა და საგამოძიებო უწყების მუშაობაში მონაწილეობაზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც" საუბრობენ.

„ბატონი ფარცხალაძე საკუთარ სახლში საგამოძიებო უწყების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან არაფორმალურ თათბირებს ატარებს.თავის მოტყუება, რომ საგამოძიებო პროცესი მივა რაიმე ლოგიკურ დასკვნამდე ან შეეცდება, რომ დამნაშავე დასაჯოს, არის უბრალოდ აბსურდი" , - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, პარლამენტი საგამოძიებო ფუნქციებს ვერ შეითავსებს. „არ შეიძლება ამ ფუნქციების აღრევა, ყველაფერს აქვს თავისი წესი," - აცხადებს სოფო კილაძე.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს დღეს 15:00 საათზე დაკითხავენ. საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას და ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტს.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა თორდია აცხადებს, რომ 14 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა თავს.

ოთარ ფარცხალაძე აცხადებს,რომ კონფლიქტის ინიციატორი ლაშა თორდია იყო, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×