რეზონანსი
04.05.2017

 პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მეორე მოსმენით, 76 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

პროექტით, მოწევა დასაშვებია სიგარაბარებსა და სამორინეებში. თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში,საგანმანათლებლო, სააღმზრდელო დაწესებულებების,ბიბლიოთეკის,ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში, ასევე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.

თამბაქოს მოწევა ასევე აკრძალულია 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. მოწევა ასევე იკრძალება სტადიონებზე, ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები.

მოწევა დასაშვებია ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას, პენიტენციურ დაწესებულებაში, ლიცენზირებულ სიგარაბარში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, ( სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელიც არ უნდა იყოს 6 კვადრატულ მეტრზე მეტი და ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა) წინასწარი დაკავების იზოლატორში.

სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა შესაძლებელია ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას.

ცვლილებებით აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრა.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, საშეღავათო პერიოდი 2018 წლის 1 იანვრით იყო განსაზღვრული, ახალი რედაქციით კი ეს დრო 2 წლით გადავადდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×