სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ, მაგრამ რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მაინც შეიცვლება"
    ელზა წიკლაური
    07.10.2009

    პრეზიდენტის ამ გამოსვლას შეფასება მალევე მოჰყვა, ექსპერტთა წრეებში სააკაშვილის დაპირებებს ხელისუფლების მორიგი პიარკამპანია უწოდეს და განაცხადეს, რომ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ისიც კი აღნიშნა, რომ "ბიზნესის ლიბერალიზაციაზე" საუბარი სააკაშვილმა ტალიავინის კომისიის დასკვნის გადასაფარად გამოიყენა.
    ფაქტია, რომ ქვეყნის პირველი პირისგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, მაგრამ უწერია თუ არა მას შესრულება, ძნელი სათქმელია. ექსპერტთა დიდი ნაწილი ეჭვობს, რომ ეს ინიციატივებიც თაროზე შემოიდება და მთავრობა ყველაფერს ისევე დაივიწყებს, როგორც ერთ დროს ქვეყნის საფინანსო ცენტრის შექმნის იდეას.
    შესრულდება თუ არა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან გაჟღერებული დაპირებები? ამასთან დაკავშირებით "რეზონანსი" ეკონომიკის ექსპერტს დავით ნარმანიას ესაუბრა.
    დავით ნარმანია: "საერთოდ, ეკონომიკის ლიბერალიზაცია ყველაფრის თვითდინებაზე მიშვებას და სახელმწიფოს აბსოლუტურ ჩაურევლობას არ ნიშნავს. ლიბერალური ეკონომიკის პირობებშიც კი, გარკვეული სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებისა და მექანიზმების არსებობა აუცილებელია. სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად ლიბერალურ ეკონომიკას ეკონომიკურ ქაოსამდე მივყავართ, სადაც სახელმწიფოც აგებს და მომხმარებელიც. ამდენად, როცა საქართველო ამ ალტერნატივის წინაშე დგას ქვეყანამ ძალიან გონივრული და ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადადგას. აუცილებლად უნდა მოხდეს ეკონომიკის და ბიზნესის მარეგულირებელი წესების შემდგომი ლიბერალიზაცია, თუმცა გადასახადებთან დაკავშირებით ლიბერალიზაცია ჯერჯერობით საჭირო არ არის.
    რეფერენდუმის იდეას მივესალმები, რადგან როცა ამა თუ იმ საკითხზე რეფერენდუმი ტარდება, ეს საზოგადოებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება რაღაც საკითხის გადაწყვეტილების მიღებამდე ხალხს ეკითხება თუ რა უნდათ.
    რაც შეეხება კონკრეტულად საგადასახადო საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას, ეს გარკვეულწილად საფრთხის შემცველია. როდესაც ხელისუფლება შეეკითხება ხალხს სჭირდება თუ არა მას გადასახადების გაზრდა, ასეთ შემთხვევაში ხალხი არასდროს არ დაუჭერს მხარს გადასახადების თუნდაც უმნიშვნელო ზრდას. საზოგადოებას ყოველთვის ურჩევნია, რომ რაც შეიძლება დაბალი გადასახადები იყოს. თუმცა, კრიზისი რომ ჩაივლის, ქვეყნის ხელისუფლებას დასჭირდება გარკვეული გადასახადების განაკვეთების გადახედვა და ზოგიერთი გადასახადის გაზრდაც არ არის გამორიცხული, რადგან საქართველოს აქვს ძალიან ბევრი ვალდებულებები და მას მომავალში ასევე ძალიან ბევრი ხარჯის გაწევა მოუწევს".
    "რეზონანსი": პრეზიდენტის სიტყვაში მნიშვნელოვანი იყო კერძო ბიზნესისთვის უპრეცედენტო თავისუფლების მიცემა, სახელმწიფოს მიერ მინიმალური ჩარევა... რამდენად შესაძლებელია ჩვენს რეალობაში ამის განხორციელება?
    დ.ნ: ამ შემთხვევაშიც ჯერჯერობით მხოლოდ დოკუმენტია წარმოდგენილი და კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტი არ დევს. არ ჩანს შესაბამისი ნაბიჯები თუ როდის და რას აპირებს ხელისუფლება. ამიტომაც, ჯერჯერობით ამ გადმოსახედიდან მხოლოდ იმაზე შეიძლება საუბარი, რომ ხელისუფლებამ გაამარტივოს გადასახადების ადმინისტრირების წესები. საგადასახადო კოდექსის დებულებები უნდა იყოს მკაფიოდ გაწერილი, გადასახადის გამოთვლა უნდა ხდებოდეს უფრო მარტივად და მესამე, ჯარიმების საკმაოდ მაღალი და რთული სისტემა გამარტივდეს. სუბიექტური მიზეზების გამო ამა თუ იმ კომპანიაში შევარდნა, დაჯარიმება კონსტიტუციურად უნდა აიკრძალოს. აკრძალვაზე სამართლებრივი საფუძველი ნამდვილად უნდა არსებობდეს.
    გასამარტივებელია ლიცენზიებისა და ნებართვების აღების პროცედურებიც. ზოგიერთი მარეგულირებელი აუცილებლად უნდა დარჩეს, რადგან თუ ჩვენ ბიზნესს ყველა მარეგულირებლისგან გავათავისუფლებთ, ასეთ შემთხვევაში ძალიან მალე მივალთ ეკონომიკურ ქაოსამდე. ეს კი საბოლოო ჯამში არც საზოგადოებისთვის და არც ხელისუფლებისთვის არ იქნება მომგებიანი და სასარგებლო.
    "რ": აქამდე არაერთხელ გაკეთებულა ხმამაღალი განცხადებები, მაგრამ თითქმის არაფერი შესრულებულა...
    დ.ნ: საფრთხე ნამდვილად არსებობს. 2 წლის წინ გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოს მთელ მსოფლიოში უპრეცედენტო საფინანსო ცენტრი ექნებოდა. ეს იმის გამო გააკეთეს, რომ ეროვნული ბანკი დაეყოთ და მისგან მარეგულირებელი ორგანი გამოეყოთ. გარდა ამისა, მიიღეს ახალი კანონი გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ამ ყველაფერმა ჩაიარა და რამე ხელშესახები შედეგი ქვეყანამ ვერ მიიღო. ჩვენ ძალიან ბევრი მწარე გაკვეთილი გვაქვს გამოვლილი და ხელისუფლებამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. თუ რამის გაკეთება უნდა, ჯერ კარგად უნდა დაგეგმოს და მერე გაატაროს რეფორმა, რადგან შუა გზაზე აღარ მიატოვოს.
    ამ ყველაფერს სჭირდება კარგი ადმინისტრირება და კვალიფიციური კადრები ამა თუ იმ სამინისტროებში. ასეთი კადრები აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ და არ უნდა ხდებოდეს ხშირი საკადრო ცვლილებები.
    "რ": როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებს მთავრობა მწარე გამოცდილებას?
    დ.ნ: ამ მიმართულებით დიდად ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ, მაგრამ რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მაინც შეიცვლება. თუ ძირეული ცვლილება არ მოხდა, ანუ თუკი ხელისუფლებამ ახალი საგადასახადო კოდექსი და ახალი საკანონმდებლო აქტები არ მიიღო, ფორმალური ცვლილებები შედეგს ნამდვილად არ მოგვცემს.
    "რ": სააკაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მთავრობის წევრებს კომერციულ ბანკებში წილები არ უნდა ჰქონდეთ. ბიზნესის წარმოება კი ხელისუფლებასთან სიახლოვის გარეშე წარმოუდგენელია.
    დ.ნ: საბანკო სფეროში ჩარევა და წილები, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ამასთან, უნდა აიკრძალოს საჯარო დაწესებულებებში მომუშავე პირების ჩარევა და ასევე უნდა შეიზღუდოს ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ადამიანების ამავე ბიზნესში ჩარევა. შეიძლება ადამიანი ამჯერად საჯარო დაწესებულებაში არ მუშაობს, მაგრამ ადრე მუშაობდა და ამით გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს სხვებთან შედარებით. ამით ბაზარზე კონკურენციის პრინციპი ირღვევა, რაც საზოგადოებისთვის და მათ შორის, კონკურენტებისთვის საზიანოა. სხვა შემთხვევაში, საბანკო სექტორი, რომელიც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად კარგად მუშაობს, შეიძლება გარკვეული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
    "რ": ექსპერტთა ერთმა ნაწილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სააკაშვილის ეს განცხადება მხოლოდ პიარკამპანიაა და ის არანაირ შედეგს არ მოიტანს. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა სიტყვა საქმედ იქცეს?
    დ.ნ: ჩემი დამოკიდებულებაც ამ საკითხთან დაკავშირებით სკეპტიკურია და შესაბამისად, რაიმე რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდები. თუმცა, გარკვეული ცვლილებები აუცილებლად იქნება და ამას ხელისუფლება, ისევე როგორც წინა წლებში, თავის პიარკამპანიისთვის გამოიყენებს. შემოდგომა და მომავალი წლის გაზაფხული პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთული იქნება და ამიტომ ამ ბერკეტსაც მთავრობა საზოგადოების კმაყოფილების დონის გასაზრდელად ხელიდან არ გაუშვებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter