სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქეთი თოდუა
    (06.10.2009)

    ზოგიერთი მშობელი ბავშვის ჩაცმულობას დიდ ყურადღებას ანიჭებს. ისინი თვლიან, რომ მათ შვილებს მხოლოდ საუკეთესო ხარისხის სამოსი უნდა ეცვათ. ხარისხი მათთვის მაღაზიის ბრენდთან ასოცირდება. ამიტომ, ისინი შვილებისთვის ტანსაცმელს მხოლოდ მაღაზიებში ყიდულობენ.
    არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხარისხიანი ტანსაცმლის ყიდვა ბაზრობაზეც შეიძლება, შესაბამისად, ისინი ბავშვის სამოსისათვის ზედმეტ ფულს არ ხარჯავენ.
    თბილისში ბავშვის ტანსაცმლის ფრანგულ ბრენდს, "ვაიკიკის" ორი მაღაზია აქვს. ამ მაღაზიებში 0-დან 16 წლამდე ბავშვისათვის ტანსაცმლის ყიდვა 25-დან 100 ლარამდე შეიძლება.
    მაღაზია "ბებე პლუსს" თბილისში სამი მაღაზია გააჩნია. მაღაზიებში ბავშვის ტანსაცმლის ფასი 10-დან 150 ლარამდე მერყეობს.
    თბილისში რამდენიმე ქართული კომპანიაც ყიდის ბავშვის ტანსაცმელს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის "ბემბი", რომელიც სამ მაღაზიას აერთიანებს. ამ მაღაზიებში ბავშვის ტანსაცმლის ფასი 40 ლარიდან იწყება და 150 ლარს აღწევს.
    კრიზისის ფონზე ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიებში რეალიზაცია საგრძნობლად იყო შემცირებული. ბოლო ინფორმაციით, სექტემბერში მაღაზიებში გაყიდვების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.
    თაკო ინასარიძე ბავშვის ტანსაცმლის საყიდლად ყოველთვის მაღაზიებში მიდის. იგი მზად არის შვილისათვის ბევრი ფული დახარჯოს: "ბავშვისთვის როცა რამე მჭირდება, მაღაზიაში მივდივარ. საბედნიეროდ, თბილისში არის რამდენიმე მაღაზია, სადაც ხარისხიანი ტანსაცმლის ყიდვა შეიძლება. ეკონომიას არასოდეს ვაკეთებ. მირჩევნია ცოტა ძვირი გადავიხადო, ვიცოდე, რომ ბავშვს ხარისხიანი აცვია და მშვიდად ვიყო.
    ზოგან ისეთი უხარისხო სამოსი იყიდება, რომ ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხესაც კი უქმნის. არასოდეს ვიყიდი ჩემი შვილისთვის ჩინურ ტანსაცმელს. ბაზრობაზეც, თითქმის, არაფერს ვყიდულობ. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა აქსესუარი, სათამაშოები - ყველაფერი მაღაზიებში მაქვს ნაყიდი. ეტლი, საწოლი, პატარა მაგიდა და სკამიც კი მაღაზიაში შევუძინე.
    ყველაფერი, მართლაც, ძალიან ხარისხიანია. ყველაფერი ისევე გამოიყურება, როგორც ვიყიდეთ. ამიტომ, მეორე ბავშვსაც გამოადგება. ტანსაცმელსაც ვინახავთ. ასე რომ, მაღაზებში ყიდვა ერთი მხრივ მომგებიანიც არის - სხვა ბავშვებსაც კარგად გამოადგებათ".
    თბილისში რამდენიმე მაღაზიაში ბავშვის ტანსაცმელი დაბალ ფასად იყიდება. ერთ-ერთი ასეთი მაღაზია არის "კიაბი". როგორც ამ მაღაზიის წარმომადგენელმა, ზურაბ ღვინიაშვილმა "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნა, მათთან შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის ტანსაცმლის შეძენა:
    "ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის, გოგოსთვის თუ ბიჭისთვის, შეგიძლიათ იყიდოთ ყველა სახის ჩასაცმელი - მაისური, ქურთუკი, შარვალი, ფეხსაცმელი და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენთან იყიდება ლოგინის აქსესუარები, სათამაშოები. ფასები იწყება 3 ლარიდან და მოზრდილი ბავშვის ტანსაცმლის ყველაზე მაღალი ფასი არის, დაახლოებით, 65 ლარი".
    დაბალი ფასის გამო მყიდველს ტანსაცმლის ხარისხში ეჭვი რომ არ შეეპაროს, ღვინიაშვილი განმარტავს: "ტანსაცმელი მოგვაქვს ფრანგულ-ესპანური ბრენდის ქსელიდან "კიაბი". ჩამოგვაქვს ჩამოფასებული ტანსაცმელი იაფად და ამიტომ ჩვენ თვითონაც იაფად ვყიდით მაღაზიაში".
    ნათია ირემაშვილი ბავშვის ტანსაცმლის საყიდლად ტანსაცმლის ბაზრობაზე მიდის. ნათია მიიჩნევს, რომ მაღაზიებში სამოსის ყიდვა ტყუილად ფულის ხარჯვაა: "ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან. მათ, თითქმის, ყოველ თვე სჭირდებათ ახალი ტანსაცმლის ყიდვა. წარმოიდგინეთ, იყიდეთ მაღაზიაში მაისური, რომელშიც 50 ლარი გადაიხადეთ და ბავშვს ერთ თვეში დაუპატარადა. ხომ გამოვიდა, რომ ის ორმოცდაათი ლარი სულ ტყუილად გადააგდეთ? მე მირჩევნია მაისურში მივცე, მაგალითად, 15 ლარი და გული არ დამწყდეს თუ ბავშვს ან დაუპატარავდება, ან გაუფუჭდება.
    ბაზრობაზე საკმაოდ მისაღები ფასებია და ხარისხიანი ტანსაცმელიც იყიდება. ვფიქრობ, რომ ხარისხს ფასი არ განსაზღვრავს. 10-ლარიანი შარვალი, შეიძლება, 60 ლარიანზე გაცილებით ხარისხიანი იყოს და ბავშვმა ისე იხმაროს ერთი წელი, რომ საერთოდ არ გაუფუჭდეს. მირჩევნია, ბავშვს იაფიანი ტანსაცმელი ვუყიდო და დაზოგილი ფულით მისი განვითარებისათვის აუცილებელი წიგნები და სათამაშოები შევიძინო".
    ტანსაცმლის ბაზრობაზე ბავშვის ტანსაცმლის საკმაოდ დიდი არჩევანია. მათი ფასი განსხვავებულია. "ბავშვისათვის საკმაოდ ბევრი რამე გვაქვს. ჩვენთან ყველაფრის ყიდვა შეიძლება - მაისურები, ფეხსაცმელი, ქურთუკები, აქსესუარები. მყიდველი საკმაოდ ბევრი გვყავს. როგორც ჩანს, ბაზრობაზე მშობლებისთვის ყველაზე უფრო მეტად მისაღები ფასებია და უმრავლესობა აქ მოდის ბავშვისათვის ახალი ტანსაცმლის საყიდლად.
    ფასები, დაახლოებით, 5 ლარიდან იწყება. ზოგიერთი რამე ძვირიც ღირს. გვაქვს ქურთუკები, რომლის ფასი 50 ლარია. უფრო ძვირიანი ტანსაცმელიც გვაქვს. მაგრამ, როგორც წესი, ბაზრობაზე უფრო საშუალოფასიან საქონელზე არის მოთხოვნა. ძვირად ღირებული ტანსაცმელს მაღაზიებშიც იყიდიან. ჩვენთან მაღაზიის საქონელი 2-ჯერ უფრო იაფი ღირს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბარში ერთ-ერთმა გამყიდველმა, რომელიც ბაზრობაზე სწორედ ტანსაცმლის რეალიზაციითაა დაკავებული.
    ბავშვის ჩაცმის საკითხი განსაკუთრებით რთული მრავალშვილიან ოჯახშია. ჟვანიების ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. როგორც ოჯახის დიასახლისმა, ნანამ გვითხრა, მათ უბრალოდ არ აქვთ საშუალება შვილებს ტანსაცმელი მაღაზიებში უყიდონ: "წარმოიდგინეთ, რამდენი რამე სჭირდება სამ ბავშვს. ყოველ თვეში რაღაც ახალი გვაქვს შესაძენი. აქედან გამომდინარე, იმის საშუალება არ გვაქვს, რომ თითოეული ბავშვის შარვალში, მაგალითად, 70 ლარი გადავიხადოთ. გვირჩევნია ბაზრობაზე წავიდეთ და შარვალი 30 ლარად ვუყიდოთ.
    ერთ-ერთ მაღაზიაში ძალიან მომეწონა სრულიად ჩვეულებრივი "ბერეტი", მაგრამ 47 ლარი ღირდა. ბაზრობაზე კი 10 ლარად ვუყიდე. ასე რომ, ჩვენი ოჯახისათვის გაცილებით მომგებიანია ბავშვების ტანსაცმლის ბაზრობაზე ყიდვა. ხარისხიანი სამოსის არჩევა აქაც თავისუფლად შეიძლება".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter