რეზონანსი
21.06.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. აღნიშნულის თაობაზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართა.

უწყების განმარტებით, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ.მ.“.

რომეო მიქაუტაძე 2017-2018წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 2018 წელს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე (ენერგეტიკის დარგში კომპანიების კურატორი); 2018 წელს - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი; 2018-2019წწ. - შპს "ენერგოტრანსის" დირექტორი; 2019-2021წწ. - შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი; 2021-2022წწ. - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 10 თებერვლამდე კი მინისტრის  პირველი მოადგილე.

„2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ.მ-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები ეკავა. ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე, გამოვლენილია, რომ რ.მ თანამდებობრივ გავლენას სანაცნობო წრისა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი, ის მათგან ენერგო კომპანიებში, ჰესებში, საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა, თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ.მ-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო. ამასთანავე, რ.მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის, ან უპირატესობის მისაღებად სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“,- აცხადებენ სუს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×