რეზონანსი
16.06.2025

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების გაძლიერებისა და ნავთობის ფასის შეზღუდვისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

როგორც სიბიგა წერს, რუსეთი განაგრძობს უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას. მისივე თქმით, „კრემენჩუგის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გუშინდელი ბარბაროსული თავდასხმა ამის ნაწილია“.

„მოსკოვი გეგმავს უკრაინულ ენერგოსისტემაზე თავდასხმას, ვიდრე მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიპყრობილი“, – წერს ანდრეი სიბიგა.

ანდრეი სიბიგა აღნიშნავს, რომ პუტინი სრულად უგულებელყოფს აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას და აძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ ტერორს. მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინის პარტნიორების სტრატეგია უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ძლიერი დარტყმა მიაყენონ რუსეთის ენერგეტიკას დამანგრეველი სანქციებით.

„ნავთობის ფასის 30 დოლარის ფარგლებში შეზღუდვა, ახალი შეზღუდვები ჩრდილოვანი ფლოტისთვის და მისი კაპიტნებისთვის, სხვა ენერგეტიკული სანქციები. უნდა დავარტყათ პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას – ეს შეუწყობს ხელს და არ შეეწინააღმდეგება სამშვიდობო პროცესს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დღეს იწყება. სამიტის ფარგლებში, შესაძლოა, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×