რეზონანსი
14.06.2025

საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა მეორე ბრალდებულისთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 13 ივნისს დააკავეს.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×