
ირანული მხარის ინიციატივით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, მოსკოვი გმობს ისრაელის სამხედრო ქმედებას ირანის წინააღმდეგ.
„რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოსკოვი გმობს ისრაელის სამხედრო ქმედებას ირანის წინააღმდეგ, რომელიც გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელდა. დადასტურდა რუსეთის მზადყოფნა, გააგრძელოს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული სიტუაციის მოგვარების, ასევე ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის დეესკალაციის მცდელობების ხელშეწყობა.”- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სერგეი ლავროვმა სამძიმარი გამოთქვა ირანის ტერიტორიაზე დარტყმების შედეგად დაღუპულთა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის, გამო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.