
„სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანებამ“ პარლამენტს მიმართა წინადადებით, რომელიც სალარო აპარატების გამოყენებაზე ვალდებულების გადავადებას გულისხმობს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება ეკისრებათ.
„მოგმართავთ თხოვნით, გადაიხედოს კანონით დადგენილი ვადა და რეგულაციის ამოქმედება გადაიდოს 2030 წლის 1 იანვრამდე; ან დაინერგოს ნებაყოფლობითი პრინციპი სალარო აპარატების გამოყენების საკითხში, რათა დახლებზე მოვაჭრეებსა და ბაზრობების ორგანიზატორებს მიეცეთ არჩევანის თავისუფლება.
ამასთან, გთხოვთ, გადაისინჯოს ამ მუხლით დაკისრებული მოიჯარეებისა და ორგანიზატორების მიმართ ვალდებულება, ასევე საჯარიმო სანქციების ზომა, რომ ამ ცვლილებამ არ გამოიწვიოს ეკონომიკურად არასამართლიანი და დაუსაბუთებელი სანქციები მოწყვლადი სუბიექტების და ბაზრობების ორგანიზატორების მიმართ.
ჩვენი თხოვნა მიზნად ისახავს არსებული სოციალური და ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით სახელმწიფოს საგადასახადო მიზნების ხელშეწყობას - თანდათანობით, ორგანიზებულად და სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით“, - აღნიშნულია „სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანების“ პარლამენტისადმი ოფიციალურ მიმართვაში.
საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აღნიშნული წინადადების განხილვა, ნებაყოფლობითი გამოყენების პრინციპების დანერგვის განხრით, დაავალა.