
ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა. "როიტერის" ცნობით, დაფიქსირდა ფასის ყველაზე დიდი ზრდა უკანასკნელი ხუთი თვის მანძილზე. ნედლ ნავთობზე ფასის დრამატული ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მომარაგების ჯაჭვის მოსალოდნელი გაწყვეტა სახელდება.
ასე, მაგალითად, "ბრენტის" მარკის ნედლი ნავთობის ერთი ბარელის ფასი 6,29 დოლარით გაიზარდა და 75,65 დოლარი შეადგინა. ამერიკული "ტეხას ინტერმედიეტის: მარკის ნავთობის ფასმა 74,47 დოლარი შეადგინა, რაც 6,43 დოლარით მეტია.
ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.