
მძიმე დღე მქონდა, განაჩენის მოსმენა სიკვდილის ტოლფასი იყო, - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, მათე დევიძის ბებიამ "ტვ პირველის" ეთერში თქვა.
მისი განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მისმა 21 წლის შვილიშვილმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვოს.
დღეს ძალიან მძიმე დღე მქონდა. ჩემთვის ეს მოსმენა სიკვდილის ტოლფასი იყო. ვიცოდი, რომ გადაუწყვეტდნენ, რადგან მათგან მე მეტს ვერაფერს მოველოდი, მაგრამ რომ გავიგე, მიწა გამომეცალა ფეხებიდან. სირცხვილი მათ, რომ ეს პატარა ბიჭი საციხედ გაიმეტეს. ჩვენ არ დავნებდებით. მე თვითონ ვიბრძოლებ ბოლომდის. არ დავნებდები. მე მათეს იქ არ გავაჩერებ. სიკვდილამდე მივალ და არ დავნებდები". - ამბობს მათე დევიძის ბებია.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.