
ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი გადაიდო - მოსამართლემ სხდომა 13 ივნისს, 12:00 საათზე ჩანიშნა.
როგორც ტელეწამყვანმა განაცხადა, დღეს გაარკვია, რომ მის ეინააღმდეგ სარჩელი მამუკა მდინარაძემ შეიტანა.
ჟურნალისტი თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის გამოკითხვას ითხოვს.
დღეს გავარკვიეთ საინტერესო გარემოება - აღმოჩნდა, რომ თეა წულუკიანის და ლაშხის მაგივრად მამუკა მდინარაძემ გვიჩივლა. სარჩელი შეუტანია მამუკა მდინარაძეს. მამუკა მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ ის სტატუსი, რომელიც მეწერა - სიტყვა "დურა" და ბატის სმაილი, იყო შეურაცხმყოფელი. მოვითხოვეთ წულუკიანის და ლაშხის დაკითხვა, რადგან იქნებ ისინი თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობენ და მამუკას ტყვეობაში არიან. ამ შენობაში არ არსებობს მოსამართლე, რომელიც აქ მათ დაბარებას გაბედავს". - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.