რეზონანსი
23.05.2025

არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებენ და პარლამენტთან მიტინგებს აწყობენ, 2007 წლის 7 ნოემბერს, „იმედის" დარბევის დღეს არაფერი გაუკეთებიათ, არცერთ მათგანს ხმა არ ამოუღია, - ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე" კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, 7 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის ოფისში იყვნენ შეკრებილი, სადაც დღის შეფასების მანიფესტზე მუშაობდნენ, თუმცა „იმედში" მისვლა არ ისურვეს.

„აუცილებლად უნდა ვახსენო არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, რომლებიც დღეს ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებენ, გამოდიან პარლამენტის წინ მიტინგზე, მიტინგებს აწყობენ და იმ მიტინგებზე ითხოვენ მთავრობის გადაყენებს, ტექნიკური მთავრობის შექმნას და ხელისუფლებაში თვითონ უნდა მოვიდნენ. ეს იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებია, უმეტესად იგივე სახეებია, რომლებიც „იმედის" დარბევის დროსაც იყვნენ. 7 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც დღის განმავლობაში უამრავი დარბევა მოხდა, მეც, როგორც სახალხო დამცველი, უსასტიკესად მცემეს ოპერასთან, საღამოს, მე და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე შევხვდით ბრიტანეთის ელჩს, დონალდ მაკლარენს. ვსაუბრობდით იმაზე, რაც მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა. ამ დროს ვიგებთ, რომ „იმედში" შეჭრა იწყება. შეხვედრა სასწრაფოდ დავტოვეთ, ჩამოვედით ჩემთან ოფისში, იმიტომ, რომ იქ იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები შეკრებილი, რომლებიც დღის შეფასების თაობაზე მორიგ მანიფესტზე თუ დეკლარაციის ტექსტზე მუშაობდნენ, რამდენიმე საათი მსჯელობდნენ, თითოეულ სიტყვას არჩევდნენ, წონიდნენ, რომ რამე არ შეშლოდათ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უთხრა, რომ „მანიფესტის წერის დროს არ არის, „იმედში" შეჭრა იგეგმება, იქ უნდა მივიდეთ, გავაპროტესტოთ, იმის მოწმეები მაინც ვიქნებით, რაც ხდება".

„სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და ადგილიდან არცერთი მათგანი არ განძრეულა. გიორგი ჩხეიძე გამომყვა, მივედით „იმედთან". შენობა იყო მთლიანად ალყაშემორტყმული და ვითხოვ, შეგვიშვან. არ შეგვიშვეს. სცეცრაზმელებს აირწინაღები ეკეთათ და დაიწყეს „იმედის" მიმართულებით გაზის ყუმბარების სროლა. იმ დღეს ეს იყო ჩემთვის მეექვსე ან მეშვიდე გაზით მოწამვლა. მძღოლს რომ არ გამოვეყვანე, გონებას ვკარგავდი. არასამთავრობო ორგანიზაციების არცერთ წარმომადგენელს არც კი უცდია, მისულიყვნენ ტელეკომპანიასთან, სადაც სპეცრაზმის შეჭრა მოხდა. არცერთ მათგანს ხმა არ ამოუღია. მეორე დღეს, შეიძლება, რაღაც განცხადებები გააკეთეს, მაგრამ იმ დღეს არცერთს არაფერი არ გაუკეთებია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×