
აგენტურული ქსელი 26 მაისზე რომ საუბრობს, ეს ხომ მათ სახეზე მეტყველებს. მათთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა მიუღებელია, რადგან ასეთი არასოდეს ყოფილან, არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის ძალადობისკენ მოწოდებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, რადიკალიზაციის დავალება მოუვიდათ და ამ ყველაფერზე საუბარი ერთხმად დაიწყეს.
„ზარქუას მონები და უზრდელები მიუვარდნენ, „მრისხანე“ გედევან ფოფხაძეც ვნახეთ, რომელიც რადიკალიზაციაზე საუბრობდა. თურმე ეს დღე უნდა ჩაიშალოს. მათი მიზანია, დაპირისპირებაში შევიდნენ და სისხლიანი რეჟიმის საპირწონე კადრები დადგან. ეს ჩვენს მორალში არ ჯდება და, მცდელობის მიუხედავად, აქამდეც ვერ მოახერხეს და ისევ ვერ მოახერხებენ. მათმა დავალების მიმცემებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას არავის მისცემს, რასაც ეს მავნებლები 26 მაისს გეგმავენ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ხელისუფლება, 26 მაისს რადიკალურ ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობის საშუალებას არ მისცემს. ოპოზიცია კი, მსხვერპლზე საუბრობს და ძალადობას აანონსებს. გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის და პიკეტირების მომხრეა.