რეზონანსი
19.05.2025

სამ თვეში ეს საწარმო მოამზადეს საპრივატიზაციოდ, გაიტანეს აუქციონზე და 8,5 მილიონის საწესდებო კაპიტალის საწარმო, სადაც 5 მილიონზე მეტი ოქროს ნაკეთობები ინახებოდა, გაყიდეს მილიონ ნახევარ ლარად, - განაცხადა 2000-2004წლებში შპს „ეროვნული ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ლორთქიფანიძის თქმით, „ზარაფხანა“ ფაქტობრივად რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფიას აჩუქეს, რომელიც დღესაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ეროვნული ზარაფხანა“ 2000-ლარიანი საწესდებო კაპიტალის შპს-ს გადასცეს.

„მაშინ ვთქვი, ოქრო კარაქი ხომ არ არის, მალფუჭებადი რომ იყოს, რას აკეთებთ, რატომ ყიდით? - მოკლედ, გაიყიდა ეს საწარმო და რაოდენ საინტერესოა, რომ ეს საწარმო ფაქტობრივად აჩუქეს რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფიას, რომელიც მაშინ ჩამოიყვანეს რუსეთიდან. ნაყოფია დღესაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და ერთ-ერთი დონორი. მაშინ სამართლებრივად შპს-ს დაფუძნებას სჭირდებოდა 2000-ლარიანი საწესდებო კაპიტალი. სასწრაფოდ დააფუძნეს შპს საცხოვრებელი ბინის მისამართზე და ამ 2000-ლარიანი საწესდებო კაპიტალის შპს-ს მისცეს საქართველოს ეროვნული ზარაფხანა.

[ოქროს ნაკეთობების გარდა] იყო მიწა და 4 სართულიანი შენობა-ნაგებობა, სულ დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი. დიღომში მაშინდელი კვადრატული მეტრის ფასი რომ გადაიანგარიშოთ, დაახლოებით 9-10 მილიონი დოლარის იყო მარტო ეს ყველაფერი და ასე ჩაიგდეს ხელში მილიონ ნახევარ ლარად“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×