
კანის კინოფესტივალი - მსახიობები, რეჟისორები, კინოკრიტიკოსები ყოველწლიურად იქ ერთი მიზნით იკრიბებიან, რომ გამოავლინონ საუკეთესოები. ვიდრე კინოვარსკვლავები დახურულ სივრცეში გადაინაცვლებდნენ, წითელ ხალიჩაზე სპეციალურად შერჩეული სამოსით მედიის წინ პოზირებდნენ. წლევანდელ კინოფესტივალზე აიკრძალა სიშიშვლე და დიდი მოცულობის კაბები, რომლებიც ვარსკვლავებს მოძრაობაში ხელს შეუშლიდათ.
მრავალწლიანი და მრავალფეროვანი ისტორიის მანძილზე ეს პრეცედენტია, როდესაც კანის ფესტივალმა ერთის ნაცვლად ორი ოფიციალური პოსტერი წარადგინა. კლოდ ლელუშის " ქალი და მამაკაცი", 60-იანი წლების საკულტო ფილმი - მთავარ როლებში ანუკ ემე და ჟან ლუი ტრენტინიანი. კანის კინოფესტივალის სახეებიც ისინი არიან და ორივე ოფიციალური პოსტერი მათ ეძღვნებათ.
კანის 78-ე კინოფესტივალი კინომოყვარულებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ 1966 წელს "ქალი და მამაკაცი" კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს, "ოქროს პალმის" რტოს მფლობელი გახდა, პრემიერიდან 1 წლის შემდეგ კი ფილმი ოსკარზეც წარადგინეს. ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო კლოდ ლელუშის კინოსურათმა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის და ორიგინალური სცენარისთვის დაიმსახურა.
ამერიკელი ვარსკვლავის, რობერტ დე ნიროს ჯილდოებს წელს კიდევ ერთი შეემატა- მსოფლიო ლეგენდას ცხოვრებისეული და კარიერული მიღწევებისთვის საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცა. ჯილდო მას ასევე ოსკაროსანმა მსახიობმა, ლეონარდო დიკაპრიომ გადასცა.
წელს ოქროს პალმის რტოსთვის სულ 19 ფილმი იბრძვის. საფრანგეთის მთავარ ფესტივალი 7 დღეში დასრულდება.
დარჩენილი დღეების განმავლობაში, საკონკურსო ფილმების გარდა, აჩვენებენ არასაკონკურსო ფილმებსაც. ვარსკვლავურია ჟიურის შემადგენლობაც, რომელსაც ფრანგი ჯულიეტ ბინოში ხელმძღვანელობს.
ის, რასაც კინოსამყარო მოუთმენლად ელოდა - კანის კინოფესტივალზე არი ასტერის ფილმის "ედინგტონის” პრემიერა შედგა. კინოსურათი გვიამბობს "კოვიდ 19-ის" დროს მომხდარი დაპირისპირების შესახებ, შერიფსა და მერს შორის. ფილმში მონაწილეობენ ხუაკინ ფენიქსი, პედრო პასკალი და ემა სტოუნი.
კინოს ელიტამ იხილა კრისტოფერ მაქგუარის ფილმი "შეუსრულებელი მისია- უკანასკნელი ანგარიშსწორება", ტომ კრუზის მონაწილეობით.
ფრანგულ რივიერაზე აჩვენებენ ფილმს: "უმაღლესიდან უმდაბლესამდე." ეს არის კრიმინალურ დრამა, რომელშიც მთავარ როლებს მომღერალი ეისეპ როკი და მსახიობი დენზელ ვოშინგტონი ასრულებენ.
ფრანგული ფესტივალის მთავარი ჯილდოს, ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად ბრძოლა ოფიციალურად 7 დღეში, 24 მაისს დასრულდება.