
„როგორც ჩანს, ეს უკავშირდება დისკუსიის გახსნას - ოპოზიციამ უნდა მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ, რომ ისინი არც მალავენ, რომ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას" - ამ განცხადებით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე ეხმაურება გიორგი გახარიას გუნდის საჯარო მიმართვას - „რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?"
ლადო ბოჟაძის თქმით, ოპოზიცია გარედან იმართება და გააკეთებს იმას, რასაც დაავალებენ.
„როგორც ჩანს, ეს უკავშირდება დისკუსიის გახსნას, ოპოზიციამ უნდა მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ, რომ ისინი არც მალავენ, რომ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა, ჯერ არ დაუდასტურებიათ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ის, რომ ეს ოპოზიციამ აღიქვა რაღაც შიდა დაპირისპირებად, ესეც არ არის სწორი, რადგან ისინი მაინც საბოლოო გადაწყვეტილებაში ერთიანები არიან. თქვენ იცით, რომ ისინი გარედან იმართებიან და გააკეთებენ იმას, რასაც დაავალებენ. ამიტომ, ეს თითქოს მოჩვენებითი დაპირისპირება არის ერთადერთი მიზეზით გამოწვეული, რომ ნელ-ნელა საკუთარი ამომრჩეველი შეაგუონ, რომ ისინი აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ის ტყუილი, რაც მათ უთხრეს, მათ შორის თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამის გამო არ შემოვიდნენ პარლამენტში, რომ თითქოს არ აპირებენ არც ერთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ეს ტყუილიც უკვე აღარ მუშაობს", - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.