
რადიკალური ოპოზიცია რეალურად მიიღებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამას ქვეყნისთვის და მით უმეტეს, საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია, - განუცხადა „ქრონიკას“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ.
მისივე თქმით, ეს ძალები არიან პირდაპირ დაფინანსებული გარედან და ელოდებიან გარე დავალებებს, ამის მიხედვით იმოქმედებენ.
„შესაბამისად, ამიტომ არის გაურკვეველი მათი პოზიციები და მათი პასუხები საზოგადოების წინაშე.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ დარწმუნებით, „ქართული ოცნება“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ჩვენ დამაჯერებელ, მეათე გამარჯვებას მოვიპოვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში.
ნათლად უნდა აღინიშნოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც საპარლამენტო ცხოვრებიდან გავიდა, ასევე უნდა გავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონის მმართველობიდან. მათი ადგილი არ არის ხელისუფლების არცერთ შტოში“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. რადიკალურ ოპოზიციას ფარული მზადება დაწყებული აქვს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობას უმალავს. მმართველი გუნდი ოპოზიციის ნულოვან შანსებზე საუბრობს და ამბობენ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში, მათი მარცხი გარდაუვალია.