რეზონანსი
30.04.2025

„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, არის მოწოდება „ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქციებაზე“.

„EPP გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, ავტორიტარიზმში მის მიმდინარე ვარდნას და რუსული ორბიტისკენ დინებას, მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომელთა სახელებიც აქ ჩამოთვლილია; [EPP] მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება და დაასრულოს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორი...

EPP მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დანიშნონ კონკრეტული ვადა ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელშიც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტიკური ჩარევის გარეშე იფუნქციონირებენ და არა სახელმწიფოს მიტაცების მდგომარეობაში...

EPP მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მოგზაურობა ქართველი დიპლომატებისთვისა და ოფიციალური პირებისთვის, როგორც პირველ ნაბიჯს - და ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება” სრულიად პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ შედეგებზე - თუ დემოკრატიულ მმართველობასა და თავისუფლებებზე შესაბამისი პირობები და თავისუფლებები არ იქნება დაკმაყოფილებული...

EPP ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსა და იგივე აზრზე მყოფ ყველა საერთაშორისო პარტნიორს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობთა ქსელის წინააღმდეგ, და ევროკავშირში არსებული ივანიშვილის ყველა აქტივი გაყინონ; [EPP] ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან ჩამოჭრან, და სექტორალური სანქციები შემოიღონ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებსაც სპილენძის მადნებთან და ფერად მეტალებთან აქვთ საქმე...

EPP ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები დაუწესონ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე - და გააფართოონ ეს სანქციები, რათა მოიცვან მოსამართლეები, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად თუ ღიად მხარს უჭერენ რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებულ მედიასაშუალებების მფლობელებზე,” - ნათქვამია რეზოლუციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×