რეზონანსი
30.04.2025

მტრულ საქმიანობაში დახმარება და საბოტაჟი - ამ საქმის ფარგლებში დაყადაღებული ფონდების ხელმძღვანელთა სახლებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ჩხრეკა კანონის ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა და გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

„რა მუხლებითაც გამოძიება არის დაწყებული, საკმაოდ მძიმე მუხლებია, შესაბამისად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. პირად ცხოვრებაში ჩხრეკა ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ჩარევაა ადამიანის პირად ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ არის დადგენილი ჩვენი კონსტიტუციით და საპროცესო კოდექსით, რომ საჭიროა მოსამართლის განჩინება. არსებობდა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ კონკრეტული პირების პირად საცხოვრებელ სივრცეში ჩატარებულიყო ჩხრეკა. ადვოკატები მონაწილეობდნენ, მათ ალბათ ექნება შესაბამისი საპროცესო გარანტიების ფარგლებში წვდომა მასალებზე და შესაბამისად შეუძლიათ რომ კონკრეტული ღონისძიებები გაასაჩივრონ. პოლიცია იყო იმ რაოდენობით მობილიზებული, რაც აუცილებელი იყო ამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად. არავითარი რეპრესიები არ ხორციელდება, ხორციელდება ის, რაც გვაქვს ჩვენ კანონით ნაკისრი ვალდებულება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

საბოტაჟის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის, ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს დამფუძნებლების სახლებში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×