
20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავალი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული (ბიძაშვილები) დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
27 აპრილს ვლადიკავკაზში გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი - ფიდო ეფხოშვილი დააკავეს, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ფიდო ეფხოშვილიც ყაზბეგის მკვიდრი და გია ხაიკაშვილის მეზობელია.
"სამნი, რომლებმაც საქართველოს ტერიტორია დატოვეს, შემთხვევის ადგილას მაშინ მისულან, როცა პოლიციაც და სასწრაფო დახმარებაც უკვე საქმის კურსში იყო. ალბათ ამის გამო არ დააკავეს ფიდო. პოლიციაში და სასწრაფოშიც გველეთის მკვიდრმა დარეკა - მძიმედ დაჭრილი გია, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელებმა მის ავტომანქანას საბურავები დაუჭრეს, შემთხვევის ადგილიდან ახლო მოსახლემდე გაჭირვებით მისულა და უამბია, რაც მოხდა. სხვათა შორის, მომაკვდავ გიას საავადმყოფოშიც მკვლელებად ის ორი პირი დაუსახელებია, ვინც ახლა დაკავებულია - ნიკა და პაატა ქუშაშვილები.
დანარჩენი სამი თურმე ცალკე ქეიფობდა - გიორგი ქუშაშვილი (მკვლელის ძმა), ფიდო ეფხოშვილი და არჩილ გომიაშვილი. ნიკას დაურეკავს ძმისთვის (გიორგისთვის, რომელიც გია ხაიკაშვილთან მეგობრობდა ), ასეთი ამბავი მოხდა, გიას ყელი გამოვჭერი და იქვე დავაგდეო - პაატა და ნიკა გაქცეულან... ეს სამნი ასულან გველეთში და როგორც ამბობენ, სანამ სასწრაფო მივიდოდა, გია ამათ წაიყვანეს კლინიკამდე. ამის მერე სამივენი ძაუგს (ვლადიკავკაზი) გადავიდნენ. კადრებში ჩანს, ისინი როგორ იბანენ სისხლიან ხელებს, ამიტომ ეგონათ, ამათაც ხელი ჰქონდათ გასვრილი მკვლელობაში. ფიდოს უთქვამს, სამი გვარი დასახელდა, სანამ სიმართლე არ გაირკვეოდა, შეგვეშინდა, ამიტომ გავედით საზღვარზეო.
ახლა ყაზბეგს ხმა გავრცელდა, თითქოს ეფხოშვილი ისევ დააკავეს. ზოგადად, ბევრი ჭორი ვრცელდება. იმასაც ამბობენ, რომ ნიკას ძმა - გიორგი ქუშაშვილიც გადმოვიდა ვლადიკავკაზიდან, დაკითხეს, მაგრამ ამ ეტაპზე არაა დაკავებული, მაგრამ უფლება არ აქვთ, საქართველოს ტერიტორია დატოვონ, ვიდრე სასამართლო არ გაიმართება. ესენი არიან ველურები, რამდენი კაცი ჰყავთ დაჭრილი... ყაზბეგში გიას ყველა ისე გლოვობს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, როგორ უნდა შერჩეთ ეს ავკაცობა“, - განცხადა "ამბებს" ერთ-ერთმა ადილობრივმა.
ambebi.ge