რეზონანსი
30.04.2025

ჩემი დაკითხვა გააგრძელეს მამაკაცებმა. დაკითხვაში უცნაური კითხვები ჰქონდათ, რომ რატომ ვეპრანჭებოდი ჩემს ქმარს კამერასთან. ჩემგან იყო ქალური სიტუაციების გარკვევა. ვერ მივხვდი ორი უცხო ადამიანი რატომ უნდა იყოს ამით დაინტერესებული. კარგად მახსოვს, ბნელი ოთახი იყო, ამობრუნებული ფაილები ელაგათ მაგიდაზე. შენ კარგად უნდა დაფიქრდეო, რომ შენ მარტო ცოლი კი არა დედა ხარო და ორი შვილი გარეთ გელოდება რომ არც იციან სად ხარო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულ ირაკლი გედენიძის მეუღლემ, ნათია გედენიძემ.

ნათია გედენიძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, მისი დაკავების და დაკითხვის დეტალებს იხსენებს.

„ამას მოჰყვა ის, რომ შენ შვილები რომ გყავსო, ალბათ ძალიან გენატრება შვილებთან ჩახუტებაო. მოკლედ, საუბარი მიდიოდა იმაზე, როგორ მენატრებოდა შვილები და როგორი დედა და მეუღლე ვიყავი. შენ ბიჭიც გყავს, გოგოც გყავსო. ახლა, ამის ქვეშ ჩვენ რაც გვაქვს დაბეჭდილიო, ამას რომ ნახავო და შენი შვილები ნახავენო და არა მარტო შვილებიო, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვასო და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო. ჯერ არ გაჩვენებთო, ამისთვის შენ იცი რა უნდა გააკეთოო? რვეულის ფურცელზე იყო რაღაც ხელნაწერი და ამ ფურცელზე რაც წერია უნდა დაიზეპიროო და ამაზე კამერასთან აუცილებლად უნდა ისაუბროო. ამის შემდეგ ჩვენ შევთანხმდებით ამის გზა-კვალზეო, ამაზე უნდა იფიქროო. მე ჯერ არ ვიცი ეს რა არის, არც ვიცი რა წერია. გასაგებია მეთქი, ველოდები მეორე ეტაპს. აბრუნებენ პრინტერზე ამობეჭდილ ფაილს. ამ ფაილზე ვხედავ ჩემს საკუთარ ფოტოს, ჩემი მეუღლის გადაღებულს, ჩვენივე სახლში, ჩვენივე სტუდიაში, სახლის „ლუქით“. აი, ეს ფოტო რატომ უნდა ყოფილიყო კომპიუტერში იქ, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიანო. ფოტოზე ისეთი არაფერია, რაც კითხვებს ბადებს, მაგრამ არის პირადული. მე უკვე წარმოვიდგინე, სანამ ამას ამობეჭდავდნენ, რამდენი ადამიანი, მათ შორის, მამაკაცი განიხილავდა და უყურებდა მანამ, სანამ ჩემამდე ჩამოვიდოდნენ. ამის მერე, ყურებში დახშული მქონდა ხმები და დავკარგე გონება“ - განაცხადა ნათია გედენიძემ.

სააკაშვილის რეჟიმის სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის იყვნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას“ ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათია გედენიძე.

ახალი ხელისუფლების პირობებში საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.

2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.

2023 წელს საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე გამართლებული ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×