
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე" განიხილება, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ისაუბრა და მისი სასაფლაოზე ცემის ფაქტი გაიხსენა.
მისი თქმით, გათხრილ საფლავთან მუხლებზე დააგდეს, დაუწყეს ცემა და იარაღი დაადეს.
„იყო ახალი გათხრილი საფლავი. ჯიქიას სასაფლაოზე რომ ბასრავს ისეთ მიწაზე დამაგდეს. ბორკილები მაქვს ისევ დადებული, მუხლებზე ვაგდივარ და ავხედე და უკვე ყველას შავი ნიღაბი უკეთია. დამიწყეს ცემა, რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყამდნენ ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩაღუნული, ვერც ხელებს ვიფარებ და ვიცავ იდაყვებით, რომ სასიცოცხლო ორგანოები დავიცვა. მერე გადავვარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლის ქვევით ფეხით დარტყმა. მერე ვიღაცამ კეფაში ჩამარტყა. ვეკითხებოდი რა გინდათ მითხარით და გეტყვითთქო. ვინც მეუბნებოდა რომ ყველაფერი უნდა თქვაო ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო. რას აკეთებ არ გაგივარდეს მეთქი, სად ვმუშაობ ხომ იცი მეთქი და აღარ მუშაობ უკვეო და იარაღიანი ხელი გამარტყა სახეში. კაი კაი წამოდითო იქ მივიყვანოთო და ამწიეს და ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს მოდულში", - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
სააკაშვილის რეჟიმის სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის იყვნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას" ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის" ფოტორედაქტორი ნათია გედენიძე.
ახალი ხელისუფლების პირობებში საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.
2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.
2023 წელს საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე გამართლებული ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.