რეზონანსი
28.04.2025

2007 წლის 13 მაისს, ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური არჩევნები ჩატარდა. მაშინ ვეტერან ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს 19-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა, მოქმედმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა კი 16 ხმა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. არჩევნების დასრულებიდან ორ საათში ნემსაძემ, რომელმაც უკვე არაერთი მილოცვა მიიღო, თანამდებობა დატოვა და ხელახალი ყრილობა დანიშნეს, სადაც პრეზიდენტად კვლავ ნოდარ ახალკაცი დანიშნეს.

გიორგი ნემსაძე მრავალწლიან დუმილს არღვევს. მისი განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე წუთში საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაურეკა და გადადგომა სთხოვა, ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

"გავიმარჯვე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში. ყრილობა დამთავრდა გამარჯვებით, მილოცვებია, პრესა, ინტერვიუები. აღმასკომის სხდომა უნდა ჩავატარო და მოდის ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ დათო კირკიტაძე არის მოსული, თქვენთან უნდა გასაუბრებაო. მე და დათო კირკიტაძე ფეხბურთიდან ვმეგობრობთ, ის მხარს მიჭერდა და ძალიან მედგა გვერდით. ყველაფერს აკეთებდა, რათა დიდი დახმარება გაეწია რეგიონებში, საორგანიზაციო საკითხებში. ძალიან გამიკვირდა, რადგან ყრილობაზე პოლიტიკური სახე, პოლიტიკური პირი არ უნდა ყოფილიყო, ეს ერთგვარად ირიბ ჩარევას ნიშნავდა. კატეგორიულად მთხოვა მეგობარმა, ახლავე გადიო. ბოდიში მოვიხადე, ყრილობა გადავდეთ ნახევარი საათით, შესვენება გამოვაცხადე. გავედი ოთახში, სადაც დამხვდა დათო კირკიტაძე, დათო ნამგალაურთან ერთად, რომელიც სპორტის განხრით ხელმძღვანელი იყო. სპორტისა და კულტურის მინისტრი იყო გოკა გაბაშვილი და სპორტის განხრით ხელმძღვანელი იყო დათო ნამგალაური. მეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, სასწრაფოდ უნდა შენთან დაკავშირებაო, დაგვახურა, გადაგვიარა, გადმოგვიარაო. ძალიან შეურაცხყოფილი იყო დათო კირკიტაძე. შენთან უნდა აუცილებლად გასაუბრება და ლაპარაკიო. 

ამ საუბარში ვართ, რომ გამერკვია, რა ხდებოდა და რეკავს ტელეფონი. დათო ელაპარაკება, გისმენთ ბატონო პრეზიდენტოო, გიორგისთან ვარ და ახლავე დაგალაპარაკებთო. ტელეფონი გადაიყვანა ხმოვანზე და ვციტირებ: „ორი სათხოვარი მაქვს, ნემსა, ძალიან გთხოვ, სასწრაფოდ გამოაცხადე ახალი ყრილობა. გთხოვ, სამსაათიან „კურიერს“ მოუსწრო და უკვე მოხდეს თქვენი ამ განცხადების გაშვება“. შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მაქვს და თავზე დამენგრევა ყველაფერი, თუ რამე გინდა ქვეყნისთვის სასიკეთო ფეხბურთით, გააკეთე ის, რაც გთხოვეო, ფეხბურთით ნუ დაიწყებ ქვეყნის ნგრევასო.

ისეთი დილემის წინაშე დავდექი, ფაქტობრივად, ქვეყანაა და შემდეგ ვართ ჩვენ. სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არც დამიტოვა. ვუთხარი, არ არის პრობლემა, რაც ქვეყანას და მის კეთილდღეობას შეეხება, მზად ვარ ყველანაირად ვემსახურო ჩემს ქვეყანა, არ იქნება პრობლემა-მეთქი. გამიმეორა, ძალიან გთხოვ, სამსაათიან „კურიერს“ მოუსწროო. ჩამოვარდა ძალიან უხერხული სიტუაცია, გამოცხადებულია, მოგებულია არჩევნები, საიდან გავიდე, როგორ გავფრინდე, კარლსონი ხომ არ ვარ, ავფრინდე. ზღვა პრესა იყო, ჟურნალისტები, ბუნებრივია, მილოცვები მიღებულია, განცხადებები გაკეთებული. მაჩვენეს გზა, რაღაც სახანძრო ჩასასვლელი კიბე, იმით ჩავედით, სადღაც გავძვერით, რაღაც დამახვედრეს, ლოკომოტივის სტადიონზე გავიპარეთ და იქ გავაკეთე განცხადება გადადგომაზე. მას შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, მეუხერხულებოდა ჟურნალისტებთან შეხვედრა, როგორ გავაჟღერო, რის გამო გადავდექი-მეთქი. ერთი კვირით, ფაქტობრივად, იზოლირებული, სახლში ჩაკეტილი ვიყავი. დიდი დარტყმა მივიღე, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება რასაც მივეცი, ფეხბურთს, იმ სფეროში არ მომეცა მუშაობის საშუალება", – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×