
მზია ამაღლობელის ადვოკატები მოწმის სახით ირაკლი კობახიძის გამოკითხვას ითხოვენ.
საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ „რუსთავი 2″-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ივანიშვილის პრემიერმა თქვა, რომ "მზია ამაღლობელი კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, მისი დავალება კი პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა იყო".
მზია ამაღლობელის ადვოკატ ჯუბა ქათამაძის თქმით, კობახიძე სწორედ ამ განცხადების გამო უნდა გამოიკითხოს და ჩვენება მისცეს, რას ეფუძნებოდა მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია:
ჯუბა ქათამაძემ ასევე ილაპარაკა გურიის პოლიციის დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკზე, რომლის თანახმადაც, ჩიტაია პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს მოახსენებს, რომ მზია ამაღლობელი ტელეფონით იღებდა ინსტრუქციებს.
„მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე გამომძიებელმა მიხეილ დარჩიამ მობილურ ტელეფონზე დანიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.
ხოლო პროკურორმა შოთა ჩხაიძემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში იშუამდგომლა მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონიდან ინფორამციის გამოთხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
შესაბამისად, უტყუარია, რომ საკითხი, რომელშიც ირაკლი კობახიძე მტკიცებით ფორმაში საუბრობს, კერძოდ, დავალებებისა და ინსტრუქციების მიღებაზე, მზია ამაღლობელის ბრალდების საქმეზე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს”- თქვა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ.
აღნიშნული გააპროტესტა პროკურორმა.
“ეს საქმის პოლიტიზირება და სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლაა. შეუძლებელია დაიკითხოს პირი, რომელიც არ ყოფილა ადგილზე, მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეული განცხადება გააკეთა საჯარო სივრცეში. ეს არის პოლიტიკური შეფასებები, სასამართლო კი მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ გარემოებას აფასებს. მიგვაჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს”, - მიმართა სასამართლოს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.