
"ქვეყნების რაოდენობა, სადაც საქართველოს მოქალაქე ვიზის გარეშე შედის, 60-დან 123-მდე გავზარდეთ; მტრების გულის გასახეთქად ეს ციფრი გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საფრთხე არ ემუქრება.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, "საქართველოს მტრების გულის გასახეთქად" ქვეყნების რიცხვი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლის უფლება ექნებათ, მომავალში მოიმატებს კიდეც.
"ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია.
რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია.
ეს არის და ეს.
ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია ქუჩაში.
შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინასწარი ვიზის გარეშე შედის, 60-დან 123-მდე გავზარდეთ. შანტაჟის შიშით ეს საქმე ვერ გაკეთდებოდა. და საქართველოს მტრების გულის გასახეთქად ეს ციფრი არათუ დაიკლებს, გაიზრდება," - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.