რეზონანსი
24.03.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 25%-იან ტარიფს დაუწესებს იმპორტზე ყველა ქვეყანას, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ანდა გაზს ყიდულობს. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპის განცხადებით, ტარიფები 2 აპრილიდან შევა ძალაში. ამ გადაწყვეტილების მიზეზად დონალდ ტრამპმა დაასახელა ვენესუელიდან აშშ-ში მიგრანტთა ნაკადი, რომელთა შორის, მისი თქმით, ათობით ათასი კრიმინალი და მოძალადეა.

„ჩვენ მათი ვენესუელაში დაბრუნების პროცესში ვართ - ეს დიდი ამოცანაა! გარდა ამისა, ვენესუელა ძალიან მტრულად იყო განწყობილი შეერთებული შტატებისა და ჩვენს მიერ მხარდაჭერილი თავისუფლებების მიმართ. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ყიდულობს ნავთობს და/ან გაზს ვენესუელისგან, იძულებული იქნება, გადაიხადოს 25%-იანი ტარიფი შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი ვაჭრობისთვის. ყველა დოკუმენტაცია ხელმოწერილი და რეგისტრირებული იქნება, ხოლო ტარიფი ამოქმედდება 2025 წლის 2 აპრილს, ამერიკაში გათავისუფლების დღეს", - წერს დონალდ ტრამპი.

ვენესუელისგან ნავთობს თავად აშშ-ც ყიდულობს. როგორც „სიენენი" ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, 2024 წელს აშშ-ს ვენესუელისგან 5,6 მილიარდი დოლარის ნავთობი და გაზი მიეწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×