
2024 წელს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 56%-ით გაიზარდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, თუ 2023 წელს საქართველოში თავშესაფარი უცხო ქვეყნის 1 052-მა მოქალაქემ მოითხოვა, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 1 641 შეადგინა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე მეტი უცხოელი, რომელმაც საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა, თურქეთის მოქალაქე იყო - ჯამში 248 ადამიანი, მას მოჰყვება ირანის 226 და პაკისტანის 220 მოქალაქე.
ამასთან, ათეულში შედიან:
უკრაინის - 203 მოქალაქე
ინდოეთის - 150 მოქალაქე
რუსეთის - 85 მოქალაქე
ეგვიპტის - 68 მოქალაქე
იორდანიის - 45 მოქალაქე
ბელარუსის - 40 მოქალაქე
ლიბანის - 39 მოქალაქე
გარდა ამისა, საქართველოში თავშესაფარს ითხოვენ - აზერბაიჯანის, ნიგერიის, ბანგლადეშის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
რაც შეეხება სტატუსს, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 11 მოქალაქეს, ჰუმანიტარული სტატუსი კი 104-ს.
ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.
ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.