რეზონანსი
12.02.2025

ევროპარლამენტი 13 თებერვალს რეზოლუციის პროექტს - "საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ" უყრის კენჭს.

რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია, ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფიდან - "ევროპის სახალხო პარტიის", "სოციალ-დემოკრატების" "კონსერვატორებისა და რეფორმისტების" , "განახლების" და "მწვანეების".

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი:

“გმობს “ქართული ოცნების” “ოფიციალურ პირებს” და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესირება;

ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თვითდანიშნული ოფიციალური პირები ამჟამად არღვევენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, საბაზისო ადამიანის უფლებებსა და ქვეყნების ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრიან დემოკრატიული რეფორმების ათწლეულებს, რასაც წინ ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება უძღვებოდა;

საქართველოს “ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმის მიერ დაპყრობილ სახელმწიფოდ მიიჩნევს.

არ აღიარებს “ქართული ოცნების” პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ჩამოყალიბდა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო, დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით ჩატარდა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ისევე როგორც ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს მოუწოდებს, არ აღიარონ “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტისა და მათი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა; [ევროპარლამენტი] შესაბამისად, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს;

აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებას“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით.

ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდეს.

„მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები და ნებისმიერი სამომავლო ჩართულობა აშკარად დამოკიდებული გახადონ საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი თარიღის დანიშვნაზე და მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ის თავისუფალი და სამართლიანი იქნება;

მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით EU-25-უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე დაუყოვნებლივი და მიზნობრივი სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის კომპანიებს, და ყველა მისი აქტივი გაყინონ ევროკავშირში მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში, დემოკრატიული უკუსვლის დაშვებაში და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებაში;

მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და მას პირადი სანქციები დაუწესოს;

ევროპარლამენტი, ამ მხრივ, მიესალმება ესტონეთი, ლატვიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის მიერ ორმხრივად მიღებულ სანქციებს, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მიერ უკვე მიღებულ [სანქციებს];

მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით EU-25-ს უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოში ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერსა და მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს, და “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს;

ევროპარლამენტი მოუწოდებს მათ, გაავრცელონ ეს სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფებზე, რომელთაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ, და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, და ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად თუ ღიად მხარს უჭერენ რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მფლობელებზე, მათ შორის “იმედი ტვ”, “პოს ტვ” და “რუსთავი 2 “ - მათი როლისთვის დეზინფორმაციის გავრცელებასა და მცდელობებისთვის მოახდინონ საჯარო დისკურსის მანიპულაცია, რათა შეინარჩუნონ ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარული მმართველობა”, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×