
ოპოზიცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
"ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მისთვის უცნობია რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა ის, რომ ამ საკითხს ყურადღება ეთმობა, ოპოზიციის ეფექტური მუშაობის შედეგია.
"ფაქტია, რომ ამ საკითხს დაეთმობა ყურადღება, ეს იმ კარგი მუშაობის დამსახურებაა, რასაც ოპოზიცია აწარმოებს ქვეყნის ინტერესების დასაცავად. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი პრეროგატივაა. დეტალურ დღის წესრიგს, ცხადია, ახლა ვერ ვიტყვი. ჩვენი წარმომადგენლობა იქნება სტრასბურგში და იქნება ძალიან სერიოზული შეხვედრები", - განაცხადა ლანა გალდავამ.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციის ვალდებულებაა საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდოს შესაბამისი მტკიცებულებები, თუ რა ხდება საქართველოში, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული უცნობია.
"ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან სტრასბურგში. განიხილება ჩვენი ქვეყნის საკითხი. თუ რა სახის გადაწყვეტილება იქნება მიღებული ვერ გეტყვით. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მივაწვდინოთ ესა თუ ის ინფორმაცია და მტკიცებულებები კონკრეტულ დელეგაციას იმის შესახებ თუ რა მოხდა საქართველოში. ეს ფაქტები იცის მთელმა მსოფლიომ და მათ შორის, ევროპის საბჭომ", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.