რეზონანსი
25.01.2025

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოური დახმარების პროგრამების დაპაუზების შესახებ განკარგულება გამოსცა, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის. როგორც გამოცემა „პოლიტიკო" და სააგენტო „როიტერი" ამ განკარგულებასა და ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, დაფინანსების დროებით შეჩერება დანამდვილებით არ შეეხება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ერთმა მაღალჩინოსანმა და ბაიდენის ყოფილი ადმინისტრაციის ორმა წევრმა განაცხადეს, რომ პაუზა, სავარაუდოდ, აჩერებს დახმარებას ისეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეებისთვის, როგორებიცაა უკრაინა, იორდანია და ტაივანი", - აღნიშნულია „პოლიტიკოს" სტატიაში.

განკარგულების თანახმად, „გადაწყვეტილება, გაგრძელდეს, შეიცვალოს თუ გაუქმდეს პროგრამები, მიღებული იქნება სახელმწიფო მდივნის მიერ გადახედვის შემდეგ".

USAID-ის მაღალჩინოსანმა სააგენტო „როიტერს" ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რომ უკრაინულ პროექტებზე მომუშავე პერსონალმა მუშაობის შეწყვეტის ბრძანება მიიღო.

მედიის ინფორმაციით, გაყინულ პროექტებს შორისაა სკოლების მხარდაჭერა და სამედიცინო დახმარება დედებისა და ბავშვების ვაქცინაციებზე.

„როიტერის" ცნობით, ისრაელი ყოველწლიურად სამხედრო დახმარების სახით აშშ-ისგან 3.3 მილიარდ დოლარს იღებს, ეგვიპტე კი - 1.3 მილიარდს. სხვა ქვეყნებს შორის, რომელთაც, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2025 წელს დაფინანსება უნდა მიეღოთ, არიან უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ტაივანი, ინდონეზია, ფილიპინები, ტაილანდი, ვიეტნამი, ჯიბუტი, კოლუმბია, პანამა, ეკვადორი და იორდანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×