
უკრაინის დამცველები მორიგ რუსულ „ტომარაში“ მოჰყვნენ აღმოსავლეთ ფრონტზე, ველიკა ნოვოსილკასთან. ამ ალყაში უკრაინის არმიის არაუკრაინელი სამხედროებიც, სავარაუდოდ, ქართველებიც აღმოჩნდნენ.
ველიკა ნოვოსილკა უკვე დაცემული კურახოვოდან 30-იოდე კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და თითქოს არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტს, მაგრამ რატომღაც უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კვლავ დროულად არ გასცა ბრძანება იქ თავდაცვაში მყოფი უკრაინის არმიის 110-ე მექანიზირებული და, ასევე, 110-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დანაყოფების პირადი შემადგენლობის დროული და ორგანიზებული უკანდახევის შესახებ...
იური ბუტუსოვის მიერ „ცენზორში“ გამოქვეყნებული ოპერატიული სიტუაციის მდგომარეობა 21 იანვრის მდგომარებით, როდესაც რუს ოკუპანტებს ველიკა ნოვოსილკასთან ალყის „ტომრის“ პირის შესაკვრელად 2,2 კმ-იღა აკლდათ...
შესაბამისად, ახლა, როდესაც რუსი ოკუპანტების ფლანგური შეტევების შედეგად ალყის „ტომრის“ პირის შეკვრას ერთი კმ-იღა აშორებს, უკრაინის არმიის მებრძოლებს ორცეცხლსშუა უწევთ უკან დახევა, უფრო სწორედ, უბრალოდ, არაორგანიზებული გაქცევა, რათა ტყვეობაში არ მოხვდნენ, რადგან რუსი ოკუპანტები ომის კანონების სრული უგულვებელყოფით ხშირად ადგილზევე ხვრეტენ ტყვედ აყვანილ, იარაღდაყრილ მოწინააღმდეგეს...
უკვე მერამდნედ ხდება, რომ პუტინის არმიის გენერლებს წარმატებით გამოსდით ფლანგური შეტევები, უკრაინის არმიის თავდაცვითი ზღუდეების გვერდებიდან შემოსავლელად და მათ ალყაში მოსაქცევად...
ერთი წლის წინ სწორედ ასე დაიკარგა ავდეევკა, რომელსაც მოჰყვა ბახმუტის დაცემა და ა.შ.
როგორც თავად უკრაინელი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, ამის უმთავრესი მიზეზი არც სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალის უკმარისობაა და პირადი შემადგენლობის დამატებითი რაოდენობის მოძიებაც შეიძლება ფლანგების უკეთესად გადასაკეტად - ისინი ამ წარუმატებლობაში, პირველ რიგში, უკრაინის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, კერძოდ კი - პრეზიდენტ ზელენსკისა და მთავარსარდალ გენერალ სირსკის ადანაშაულებენ...
კვირის პალიტრა
ირაკლი ალადაშვილი