რეზონანსი
21.01.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ასამდე მნიშვნელოვან აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. პირველ ეტაპზე, ტრამპმა რამდენიმე განკარგულება მხარდამჭერების წინაშე გამართულ ღონისძიებაზე გააფორმა, ხოლო შემდეგ თეთრ სახლში გადაინაცვლა. აღმასრულებელ განკარგულებებს შორისაა კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე დაახლოებით 1 600-მდე პირის შეწყალება და „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ შექმნა, რომელიც არ წარმოადგენს ოფიციალურ სამთავრობო უწყებას.

სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებებს – „ქალების გენდერული იდეოლოგიისგან დაცვისა“ და „ფედერალურ მთავრობაში ბიოლოგიური ჭეშმარიტების აღდგენის“ შესახებ.

საგარეო პოლიტიკის კუთხით, ტრამპმა დაიწყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის პროცედურები.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა „საგანგებო მდგომარეობა“ აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე.

მანამდე, საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გაგზავნიდა ჯარებს „სამხრეთ საზღვარზე შემოჭრის შესაჩერებლად, რომელიც ქვეყნისთვის დამანგრეველია“. 

„ჩვენ აღვადგენთ ჩემს პოლიტიკას – „დარჩი მექსიკაში“. მე დავასრულებ „დაიჭირე და გაათავისუფლე“ პრაქტიკას“, – განაცხადა ტრამპმა.

ადმინისტრაციული რეფორმების ფარგლებში: გაუქმდა ბაიდენის ადმინისტრაციის 78 აღმასრულებელი აქტი, შეჩერდა ახალი რეგულაციების გამოცემა ადმინისტრაციის მიერ მთავრობაზე სრული კონტროლის მოპოვებამდე, დაწესდა ფედერალური დასაქმების შეზღუდვა (სამხედრო და გარკვეული გამონაკლისების გარდა), ფედერალურ მოხელეებს დაევალათ ოფისში სრულ განაკვეთზე დაბრუნება, ყველა სამთავრობო უწყებას დაევალა საცხოვრებელი ღირებულების საკითხზე რეაგირება.

გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსცა დირექტივები „სამთავრობო ცენზურის აღკვეთისა შესახებ.“

ასევე, ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც დროებით შეაჩერებს „ტიკტოკის“ აკრძალვის ძალაში შესვლას, და გამოსცა დირექტივა „ყოფილი სამთავრობო მოხელეების პასუხისმგებლობის შესახებ საარჩევნო ჩარევის გამო“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×