
ჯაბა კანკავა კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს. ნაკრბის ექს-კაპიტანი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ვარჯიშის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ჯაბა კანკაამ თბილისის "დინამოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჯაბა კანკავას პროფესიული საფეხბურთო კარიერა სწორედ თბილისურ კლუბში დაიწყო. იგი დინამოს ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა და ლურჯ-თეთრებთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ამასთან ერთად კანკავამ დინამოს ფორმით საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
დინამო თბილისის გარდა, სხვადასხვა დროს, ჯაბა კანკავას კიევის არსენალში, დნიპროში, კრივბასში, რეიმსში, ტობოლსა და სლოვანში უთამაშია.
9 წლის განმავლობაში ჯაბა კანკავა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ და ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მას 101 თამაში აქვს ჩატარებული. 2024 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
აქვე პირველი კომენტარი კლუბში დაბრუნების შემდეგ.
"ორმაგად სასიამოვნო და სიმბოლურია 20 წლის შემდეგ დაბრუნება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან და საამაყო გუნდში. იქ სადაც ფეხი ავიდგი და დავიწყე პროფესიონალური ფეხბურთის თამაში.
მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას და იმედი გამოვთქვა, რომ წარმატებული სეზონი იქნება როგორც კლუბისთვის, ასევე ჩემთვის", - აღნიშნა კანკავამ.