ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროპის სირცხვილია, რადგან ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
„სირცხვილი შენ, პაველ ჰერჩინსკი. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს!“, - დაწერა პავილიონისმა, რომელიც მიხვდა, რომ ამ ნაბიჯით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგი და ახალი მთავრობის შემადგენლობა აღიარა.
ცნობისთვის, ჰერჩინსკიმ გუშინ მაკა ბოჭორიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქართული მხარის მიერ კი გამოითქვა წუხილი, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას.