ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკულ სექტორში არსებული მძიმე ვითარების გამო დროებით სასწავლო პროცესი შეჩერდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო პროცესი 11-დან 17 დეკემბრის ჩათვლით შეჩერდება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ინალ გაბლიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება სკოლებისა და საბავშვო ბაღების გათბობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია.
„ჩვენ მასწავლებლებს დამატებითი არდადეგების პერიოდს ვთავაზობთ, რათა სასწავლო პროცესი გააკონტროლონ და ბავშვებმა სახლში სწავლა შეძლონ“, - განაცხადა გაბლიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.