საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის 300-მდე თანამშრომელი "ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნება.
საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება პოლიტიკური გემოვნების საკითხს სცდება და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - წერია განცხადებაში.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს.
იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს.
იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში. შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება ჩვენთვის მეტად მტკივნეულია.
გვჯერა, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი!
ვემსახურებით საქართველოს და უპირობოდ ვიცავთ მის კონსტიტუციას!", - ვკითხულობთ განცხადებაში.