რეზონანსი
29.11.2024

ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი - თუ შეჩერებული იყო, ჩვენ რაღა შევაჩერეთ? - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, 2028 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი ექნებათ შესრულებული.

„ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი. ახლა შეეწინააღმდეგა თავის თავს. თუ შეჩერებული იყო, ჩვენ რაღა შევაჩერეთ? თქვენ შეგიძლიათ შეჩერებული ავტომობილი კიდევ უფრო გააჩეროთ? შეგიძლიათ თქვათ, რომ ხელის მუხრუჭი ამოწიოთ და ამ სისულელეებში წავალთ შემდეგ, მაგრამ არათუ რაიმე სახის მუხრუჭი, არამედ ვამბობთ, რომ ზედმიწევნით და ზედმეტი მონდომებით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას და პირობას ვდებთ, რომ 2028 წლისთვის ჩვენ ამ ორი შეთანხმების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. ევროინტეგრაციის პროცესი ამ ორ დოკუმენტზეა დამოკიდებული. მეტი სამართლებრივი დოკუმენტი, მეტი გზამკვლევი დაწერილი პუნქტებად ბუნებაში არ არსებობს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას მდინარაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნა თავადაც შეუძლია და თუ მაგიდაზე მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება ექნებათ, „ქართული ოცნება" ამას ხელს მოაწერს.

„თუ მათ [ევროკავშირს] უნდათ, ჩვენი მიმართვა აუცილებელი პირობა არ არის მოლაპარაკებების გასახსნელად. მოლაპარაკებების გახსნა თავადაც შეუძლიათ. დადონ ასეთი დოკუმენტი მაგიდაზე და ჩვენ იმავე წამს მოვაწერთ ხელს. თუ ასეთი დოკუმენტი დაიდება, ზეპირი განცხადების სახით წინსწრებად გეუბნებით გუნდის სახელით, რომ ჩვენ ხელის მოსაწერად თანახმები ვართ. ეს თქვა დღეს ირაკლი კობახიძემაც და ვიმეორებ მე. მაშინ პრობლემა რაღაშია? - პრობლემა არის ტყუილში, რომლითაც ისინი აბრაზებენ საზოგადოებას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×