რეზონანსი
14.11.2024

მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. შვილმოკლული დედა მოსამართლის განაჩენს არ ეთანხმება. ირინა შენგელია, დამნაშავის უვადო პატიმრობას ითხოვდა. დაზარალებული ოჯახი გაჩერებას არ აპირებს და როგორც თავად ამბობენ სამართლებრივი გზებით ბრძოლას გააგრძელებენ

მოკლულის ოჯახის უკმაყოფილება, სასჯელის შემსუბუქებამ გამოიწვია. მოსამართლემ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი გადააკვალიფიცირა და ბაჩო სირაძე მხოლოდ მკვლელობისთვის ცნო დამნაშავედ, მას 15 წელი მიესაჯა. სასამართლომ 13 წელიანი პატიმრობა, კიდევ ერთ პირს, არჩილ შადურს დაუსწრებლად მიუსაჯა, ის მკვლელობაში დახმარებისთვისაა მსჯავრდებული. შადურის დასაკავებლად ამ დრომდე ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

განაჩენის გამოცხადებამდე, საბრალდებო სკამზე მჯდომს სასამართლოსთვის არაფერი უთქვამს, ბაჩო სირაძემ დასკვნითი სიტყვაზე უარი თქვა. 25 წლის მამუკა ლომიძის მკვლელობის საქმეზე, არსებითი განხილვებისას კი სირაძე დანაშაულს არ აღიარებდა.

ბაჩო სირაძის ადვოკატმა, ჟურნალისტების კითხვებს, თავი აარიდა. ინტერესების დამცველმა მხოლოდ ის თქვა, რომ განაჩენს არ ეთანხმება და უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.

9 თვის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე, არაერთი მტკიცებულება გასაჯაროვდა, მათ შორის, კაფე "გალერის" სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებია, რომლებიც "კურიერი P.S-მა", მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში მოიპოვა. მასალის მიხედვით კაფეს გარეთ, ბაჩო სირაძეს და მამუკა ლომიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, მათი გაშველება იქვე მყოფმა პირებმა შეძლეს და ორივე სხვადასხვა მიმართულებით გაიყვანეს. ერთი შეხედვით, მეგობრებს შორის კონფლიქტი ამოწურული იყო.

კადრებში, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზეა გადაღებული ჩანს, რომ მამუკა ლომიძეს, მეგობარმა ,დამიზნებით 7 ტყვია ესროლა და დანაშაულის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. სასიკვდილოდ დაჭრილი 25 წლის მამაკაცი მალევე გარდაიცვალა.

ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის პასუხები, გამოკითხვის ოქმები და მოწმეების ჩვენები - პროკურატურის ინფორმაციით მკვლელობის საქმეში დევს . ამ მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდების მხარე დარწმუნებული იყო, რომ მოსამართლე ბაჩო სირაძის და არჩილ შადურის მიმართ ყველაზე მკაცრს სასჯელს გამოიყენებდა. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

მამუკა ლომიძე 2024 წლის 18 თებერვალს მოკლეს. დანაშაულიდან მალევე, სამართალდამცველებმა საქმეზე ბაჩო სირაძე დააკავეს, დაკავების ღონისძიება ყაზბეგში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×