პარტია "საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ "საქართველოსთვის" პარლამენტში შესვლას არ აპირებს იქამდე, სანამ არჩევნების შედეგებს ნდობა არ ექნება.
"ჩვენი განცხადება იყო ძალიან მკაფიო და ჩვენ არ გვახასიათებს სიტყვის შეცვლა. იქამდე, სანამ არჩევნების შედეგებს არ ექნება ნდობა როგორც სახლში, ისე ჩვენს დასავლელ პარტნიორებში; იქამდე, სანამ არ მოხდება ადეკვატური გამოძიება, ჩვენ ამ პარლამენტში "ოცნებას" ილუზიას არ შევუქმნით იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა. არც პოპულიზმში აყოლას არ ვაპირებ ვინმესთვის და არც არასერიოზული იმიჯის დატოვებას", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
გუშინ კოალიცია "ცვლილებებისთვის" და კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. მათი თქმით, პარტიული სიის თითოეული წევრი ინდივიდუალური წერილით მიმართავს ცესკოს, არ გატარდეს რეგისტრაციაში.