საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს ახალი არ არის და ამას ვხედავთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა კითხვაზე, - დასავლეთისგან გაჟღერებული მწვავე კრიტიკა ხომ არ წარმოადგენს ერთგვარი შანტაჟის ენას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ?
„ეს ყველაფერი საბაბია და მანდ ყველაზე მთავარი არის მათი სურვილი, ხელისუფლებაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მათ უნდათ, ხელისუფლებაში ჰყავდეთ აგენტურა, რასაც ეტყვიან და დაავალებენ, კითხვის დასმის გარეშე შეასრულონ. ამ დროს კი ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და მილიონ ას ოცი ათასმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და განვითარებას", - აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მედიასთან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მიღებული გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონები ქვეყანაში რევოლუციის პრევენციისა და საზოგადოების სრულად ინფორმირების ინტერესებს ემსახურება.
„გამჭვირვალობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს. ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამ კანონზე მუშაობა, თავისი წინაპირობები ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავდით, გარედან დაფინანსებით როგორ ხდებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, ადამიანების დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს რეალურად უცხოეთიდან შემოსული თანხები, რომლებსაც არასამთავრობოები იღებენ, ვისგან და რატომ იღებენ დაფინანსებას, რა პროექტებში იხარჯება ეს ფული. თუკი არ იქნება იმავე რევოლუციის დაფინანსება, არ იქნება მტრული განწყობები, რიტორიკა, არ იქნება მცდელობა საზოგადოების გახლეჩვის, აღნიშნული კანონიც აზრს კარგავს ზოგადად", - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა წახალისებული ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება.
„კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები არის დაცული, განურჩევლად ვინ როგორია, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ვინ რა ორიენტაციის ან სარწმუნოების მიმდევარია, ყველას უფლებები არის დაცული. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ადამიანების დაყოფას, რაღაც ტერმინი აქვთ - უმცირესობა. არანაირი უმცირესობა არ არსებობს, ჩვენ ვართ ყველანი ადამიანები, ზოგი ისეთია, ზოგი ასეთია, ზოგი ქერაა, ზოგი შავგვრემანია, ზოგს სხვა ორიენტაცია აქვს, ეს მისი უფლებაა. არავის აქვს უფლება, განსაჯოს ეს ყველაფერი, მაგრამ ამის სააშკარაოზე გამოტანა და პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, ბავშვებში ამ ყველაფრის პროპაგანდაა მიუღებელი. შესაბამისად, ეს კანონი არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, რომ დააკვირდეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ძალიან მალე ბევრი რაღაც შეიცვლება თუნდაც ამ მიმართულებით, რადგან ძალიან მძიმეა ის განწყობები, რასაც ვხედავთ ჩვენ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებში ან ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ამ მიმართულებითაც საინტერესო პროცესები იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.