რეზონანსი
08.11.2024

უკრაინასა და ჩეხეთთან დასკვნითი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

- ბოლო წლები ძირითადად ერთი ტაქტიკური სქემით ვთამაშობთ. ხშირი ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, როგორ უნდა ითამაშონ. სქემაში ცვლილებები თუ იყო, ეს ძირითდად ტრავმებმა გამოიწვია...

ცენტრალური მცველების ასაკიდან გამომდინარე შესაძლო ცვლილებაზე და უნგრეთიდან ილია ბერიაშვილის მიწვევაზე თუ ვფქირობ? რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ დაცვაში ზოგი უკვე ასაკშია. ჩვენ კალანდაძე გამოვცადეთ...

მაგრამ ვითარება მუდმივად იცვლება. მაგალითად, მცირე ხნის წინ გოგლიჩიძეზე არც ვლაპარაკობდით. ახლა კი შანსი აუცილებლად მიეცემა და ერთ მატჩს მაინც დაიწყებს სასტარტო შემადგენლობაში. მე ყოველთვის გუნდის ინტერესებიდან გამოვდივარ. საბა კი იტალიის ჩემპიონატში თამაშობს, მიმაჩნია, რომ ეროვნულ ნაკრებში უნდა იყოს და წარმატებებს ვუსურვებ. შანსები სხვებმაც შეიძლება მიიღონ...

"სენტ ეტიენისა" და "ლიონის" თამაშს რაც შეეხება, ეს საფრანგეთში ისტორიული დაპირისპირებაა. ზურიკომ ძალიან მოუმატა და ეს მახარებს. ხოლო მიქაუტაძემ ბოლოს გაიტანა და გუშინაც ითამაშა. ის კი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებული იყოს...

ნიკა კვეკვესკირი გუნდის წევრი გახლდათ, მაგრამ ტრავმის გამო ბოლო შეკრებები გამოტოვა. ის ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშეა და დიდი როლი აქვს არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელში. ახლა სხვა მოთამაშეები გამოგვაკლდნენ, მაგრამ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნაკრებში დიდი კონკურენციაა...

რატომ ვითამაშეთ ალბანეთთან შემტევი შემადგენლობით? გეთანხმებით, რომ სათადარიგოებში შემტევების ნაკლებობა იყო, ჩვენმა ტაქტიკამ კი არ გაამართლა. თუმცა, ქულას მაინც ვიმსახურებდით. ნოემბრის მატჩებში უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი მაღალი დონის გუნდებს შორისაა. მთავარია, სტაბილურობა შევინარჩუნოთ...

ჯგუფი ძალიან რთულია. გულშემატკივრისთვის წარმატება ძალიან მნიშნელოვანია. თუ დარჩენილ ორ მატჩს მოვიგებთ, პირველ ადგილს დავიკავებთ. უკრაინასა და ალბანეთთან ბევრი მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიეთ, მნიშვნელოვანი იქნება კონცენტრაციის და გუნდურობის შენარჩუნება. ინდივიდი მოედანზე არაფერია, თუ გუნდისთვის არ თამაშობს.

ზოგადად, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, დიდი წინსვლა იყო. ფეხბურთელებს ამის გადახარშვა სჭირდებათ, რაც იოლი არ არის. ასეთ დროს ზოგიერთი კონცენტრაციას კარგავს და ბოლომდე არ იხარჯება. ეს უნდა ავუხსნათ მოთამაშეებს. კვარაცხელიას კარგი სეზონის შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა. მაგრამ უწყვეტი შრომით შეიძლება წარმატების განვითარება...

რატომ არ გამოვიძახე გულიაშვილი? ოქტომბერში გამოვიძახე და ვნახე, როგორი მოთამაშეა. ბოსნიის ჩემპიონატი მაღალი დონის არ არის. მაგრამ გიორგი ჩვენთვის საინტერესო მოთამაშეა და იმედი მაქვს, ნაკრებს სამომავლოდ აუცილებლად გამოადგება...

როგორ უნდა დავუპირისპირდეთ უკრაინელების ნახევარდაცვას? ჩემი გადმოსახედიდან, უკრაინას ბევრი მომენტები არ შეუქმნია. პრობლემა სხვა რამ იყო, ნაკლებად აგრესიულად ვითამაშეთ, როდესაც სწორედ ამის ხარჯზე მივაღწიეთ ბოლო დროს წარმატებას. ამიტომ ეს უნდა გამოვასწოროთ, - თქვა ვილი სანიოლმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×